ლუკ კოფი

კოფი სირიიდან გამოსული ამერიკული ჯარის საქართველოში გაგზავნის იდეით გამოდის

0 კომენტარი

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის "The Heritage Foundation" მკვლევარი ლუკ კოფი სირიიდან გამოსული ამერიკული ჯარის საქართველოში გაგზავნის იდეით გამოდის. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს:

"შემოთავაზება: აშშ-ის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია, რომ საქართველოში გაიგზავნოს და 'ჰორიზონტს მიღმა' არსებული ძალა გახდეს, რათა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში, მათ სწრაფად უპასუხონ.

ამერიკას ახალციხეში ძველი რუსული სამხედრო ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც რაკადან სულ რაღაც 460 მილის (740 კმ) მოშორებით მდებარეობს.

ამჟამად საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი".

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მკვლევარმა ვრცელი ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც განხილულია, რომ საქართველო შესაძლოა ნატოს წევრი გახდეს ისე, რომ მე-5 მუხლის დაცვის გარანტია ქვეყნის მხოლოდ არა-ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს მანამ, სანამ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს.

 

  • რა ხდება სირიაში?

9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია "მშვიდობის წყარო" დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

თურქეთი ირწმუნება, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი. ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

23 ოქტომბერს ტრამპმა თქვა, რომ თურქეთს ჩრდილო სირიაში ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის გამო დაწესებული სანქციები ეხსნება. გადაწყვეტილების მიზეზი თურქებსა და სირიელ ქურთებს შორის მიღწეული ცეცხლის შეყვეტის შეთანხმება გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. მათი ნაწილი მოკავშირეებთან ერთად ნავთობის საბადოებს დაიცავს, ნაწილი კი ისრაელისა და იორდანიის საზღვართან ახლოს განლაგდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები