ბრექსითი

ევროკავშირში ბრექსითის თარიღის გადაწევაზე შეთანხმდნენ, როდემდე - ჯერჯერობით უცნობია

The Pioneer

დღეს ევროკავშირში ბრექსითის თარიღის გადაწევაზე შეთანხმდნენ, თუმცა ახალი თარიღი არ დაუსახელებიათ.

ევროკავშირში ერთერთმა დიპლომატმა თქვა, რომ 27 ქვეყნის წარმომადგენელი შაბათ-კვირას დისკუსიას განაგრძობდა და ორშაბათს ან სამშაბათს კვლავ გამართავდნენ შეხვედრას "რათა ბოლომდე მივიყვანოთ შეთანხმება".

ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა ბრექსითის თარიღის 3 თვით გადაწევას ემხრობა. 

ევროკავშირში ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ მომავალ ხუთშაბათს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ვერ დატოვებდა. ამჟამად, ოფიციალურად, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. "არანაირი 'თუ', არანაირი 'მაგრამ'," - ამბობდა ჯონსონი.

სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჯონსონი წარმომადგენელთა პალატაში 12 დეკემბერს საყოველთაო არჩევნების დანიშვნის შესახებ კენჭისყრას ჩაატარებს. ევროკავშირში ბრექსითის თარიღის გადატანის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სწორედ ამ კენჭისყრის შემდეგ მიიღებენ.

"თუ მათ [პარლამენტარებს] ამ ბრწყინვალე შეთანხმების შესასწავლად მეტი დრო სჭირდებათ, ისინი ამას მიიღებენ, თუმცა, 12 დეკემბერს საყოველთაო არჩევნების ჩატარებას მხარი უნდა დაუჭირონ," - თქვა 24 ოქტომბერს ბრიტანეთის პრემირმინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტარების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლებსაც ორი დღის წინ ჯონსონის ევროკავშირთან მიღწეულ ბრექსითის შეთანხმების ძირითად პრინციპებს მხარი დაუჭირეს, თუმცა მის მიერ შემოთავაზებულ ვადებს არ დათანხმდნენ.

ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ჯონსონს პარლამენტართა 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. 

ლეიბორისტულ პარტიაში თქვეს, რომ თუ შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის ვარიანტი გამოირიცხებოდა, არჩევნების დანიშვნას მხარს დაუჭერდნენ. 

პრემიერმინისტრის თქმით, 12 დეკემბერს საყოველთაო არჩევნების დანიშვნა იყო ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანამ "ამ კოშმარს" თავი დააღწიოს.

ჯონსონმა თქვა, რომ პარლამენტმა თავად შეიყვანა პროცესები ჩიხში და კიდევ რამდენიმე თვე ამ სიტუაციის გაგრძელებას არ დაუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ჯონსონის მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ახალი შეთანხმების ეკონომიკური შეფასება, თუმცა ირწმუნება, რომ ის ბრიტანეთისათვის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. სწორედ ეს და ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი იქცა პარლამენტარების მხრიდან ერთ-ერთ მთავარ წინააღმდეგობად, რის გამოც მათ უარი თქვეს დაჩქარებული წესით განხილათ და დაემტკიცებინათ შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ევროკავშირთან ახალ შეთანხმებას მიაღწია. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა, რომ შეთანხმება სამართლიანი და დაბალანსებულია.

ბრიტანეთში გეგმისადმი მხარდაჭერის საკითხი ეჭვქვეშ დგას. ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულმა იუნიონისტურმა პარტიამ (DUP) განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ. მათი მხარდაჭერა, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს ჯონსონისათვის, რადგან სწორედ მათი ხმები აძლევდა კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეს ჯონსონმა საკუთარი პარტიიდან 20 წევრი გარიცხა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა კი თქვა, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო უარესია, ვიდრე წინა, რომელიც ტერეზა მეიმ შეიმუშავა და პარლამენტარებმა ის უნდა ჩააგდონ. მოსალოდნელია, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ შეთანხმების რეფერენდუმზე გატანა მოითხოვოს.

ჯონსონის მთავარი მიზანი მეის გეგმიდან ე.წ. ბექსტოპის მექანიზიმს ამოღება და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საბაჟო საზღვრის პრობლემის გადაჭრა იყო. როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი, ახალი გეგმის მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდიაზე, გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებისაგან განსხვავებული პირობები გავრცელდება, რასაც DUP ეწინააღმდეგება.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა მეის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგებოდა.

ერთი კვირის წინ ჯონსონმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

ამ გეგმის მიხედვით მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

ჯონსონი ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელი პარლამენტები ამ გეგმას მოიწონებდნენ, თუმცა ევროკავშირში მას ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.

ჯონსონს წინააღმდეგობა შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას. დაუნინგ სტრიტის ინფორმაციის მერკელს სურდა ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირში დარჩენილიყო.

გასულ კვირას კი ირლანდიის პრემიერმინისტრ ლეო ვარადკართან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა გეგმა, რომლითაც ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საბაჟო შეთანხმებას დატოვებს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო დათანხმდება ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმავალ საქონელზე ევროკავშირის საბაჟო რეგულაციების გამოყენებაზე.

კომენტარები