NATO-საქართველო

საქართველოში NATO-ს ორი ხომალდი შემოვიდა, 28-30 ოქტომბერს საზღვაო წვრთნები ჩატარდება

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი). შენაერთი ფართომასშტაბიან საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 28-30 ოქტომბერს ჩატარდება. ერთობლივი წვრთნები მოიცავს ერთობლივ მანევრებს და წყალქვეშა უსაფრთხოების კომპონენტებს. 

ბათუმის ნავსადგურში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.


ფოტო: საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

"ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს. გარდა ამისა, ვიზიტს აქვს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან ხდება ურთიერთთავსებადობის გაძლიერება ნატოს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ელემენტებს შორის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთობლივი წვრთნები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც მოიცავს ერთობლივ მანევრებს და წყალქვეშა უსაფრთხოების კომპონენტებს. ასევე, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები. ეს სწორედ ის ჯგუფებია, რომლებიც დეკლარირებულია ნატოს საზღვაო ოპერაციაში - "ზღვის მცველი" - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ემზარ აბრამიშვილი ხომალდის მეთაურს, კაპიტან ალესანდრო ფალკონეს სანაპირო დაცვის ბაზაზე შეხვდება. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ეკიპაჟსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე მხარეები 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნების დეტალებზე შეთანხმდებიან.

სასაზღვრო პოლიციის შეფასებით, "ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას".

კომენტარები