ლუკ კოფის ინიციატივა

კახიძე კოფის იდეაზე: ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე The Heritage Foundation-ის მკვლევრის, ლუკ კოფის, იდეას ეხმაურება, რომელიც სირიიდან გასული აშშ-ის ჯარების საქართველოში განლაგების ინიციატივით გამოვიდა. 

კახიძის თქმით, თუკი ეს ინიციატივა განხორციელდება, ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის. 

"მთავარი საფრთხე არის რუსეთი, მათგან მომდინარეობს ეს ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც სახელმწიფოებრიობას ემუქრება და ამის შემაკავებელი ფაქტორი არის სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის სამხედრო წვრთნები, რაც აქ ტარდება. თუ ამის გაგრძელება ექნება ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა ჩვენთან შეთანხმების ფარგლებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს,"- ამბობს კახიძე. 

24 ოქტომბერს ლუკ კოფიმ Twitter-ზე დაწერა, რომ მას ვაშინგტონის მიმართ აქვს შეთავაზება, რომ აშშ-ის ჯარები, რომლებიც სირიას დატოვებენ, საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განლაგდნენ. 

"შემოთავაზება: აშშ-ის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია, რომ საქართველოში გაიგზავნოს და "ჰორიზონტს მიღმა" არსებული ძალა გახდეს, რათა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში, მათ სწრაფად უპასუხონ.

ამერიკას ახალციხეში ძველი რუსული სამხედრო ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც რაკადან სულ რაღაც 460 მილის (740 კმ) მოშორებით მდებარეობს.

ამჟამად საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი", - დაწერა კოფიმ. 

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი დაწერა, სადაც თავისი ინიციატივა განმარტა და აღნიშნა, რომ ეს მათ შორის რუსეთის შეკავებასაც ეხება. 

"რამდენიმე შენიშვნა: 
რამდენადაც ვიცი, ეს აშშ-ის მთავრობის მიერ ამ ეტაპზე არ განიხილება;
ბევრი კითხულობს, "როგორი იქნება ლოჯისტიკა?" - 750 კმ-ია, ვფიქრობ, აშშ-ის ჯარებს ამის გადალახვა შეუძლიათ;
მათ, ვინც ამბობს: "და თურქეთის ფაქტორი?", თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა არ ესმით;
და დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება,"- წერს ლუკ კოფი.

გასულ წელს მკვლევარმა ვრცელი ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც განხილულია, რომ საქართველო შესაძლოა ნატოს წევრი გახდეს ისე, რომ მე-5 მუხლის დაცვის გარანტია ქვეყნის მხოლოდ არა-ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს მანამ, სანამ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს.

  • რა ხდება სირიაში?

9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია "მშვიდობის წყარო" დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

თურქეთი ირწმუნება, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი. ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

23 ოქტომბერს ტრამპმა თქვა, რომ თურქეთს ჩრდილო სირიაში ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის გამო დაწესებული სანქციები ეხსნება. გადაწყვეტილების მიზეზი თურქებსა და სირიელ ქურთებს შორის მიღწეული ცეცხლის შეყვეტის შეთანხმება გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. მათი ნაწილი მოკავშირეებთან ერთად ნავთობის საბადოებს დაიცავს, ნაწილი კი ისრაელისა და იორდანიის საზღვართან ახლოს განლაგდება.

კომენტარები