თურქეთი-სირია

Amnesty International: თურქეთი სირიელ მიგრანტებს ძალით და მოტყუებით აბრუნებს

Getty Images

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით თურქეთი ქვეყანაში მყოფი სირიელი მიგრანტების ჩრდილოეთ სირიაში დაბრუნებას ძალის გამოყენებით და მოტყუებით ცდილობს.

ორგანიზაციის თქმით აღრიცხეს სულ მცირე 20 შემთხვევა აქვთ აღრიცხული, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სირიელ მიგრანტებს დაბრუნება აიძულა.

გარდა ამისა არის შემთხვევები, როდესაც მიგრანტებს მოტყუებით აწერინებენ ხელს "საკუთარი სურვილით დაბრუნების" შეთანხმებაზე.

მიგრანტების დეპორტაცია სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდეც დაიწყო, რამაც შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ქვეყანაში უსაფრთხო სიტუაცია ამ დრომდე არ არის. თურქეთი ირწმუნება, რომ ისინი სირიაში საკუთარი სურვილით ბრუნდებიან. მათი მონაცემებით "საკუთარი სურვილით" უკვე 315,000 ადამიანი დაბრუნდა სირიაში.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ევროკავშირთან 2016 წელს მიღწეული შეთანხმების შედეგად 6 მილიარდ ევროს იღებს მიგრანტების ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად, ერდოღანი ევროკავშირს არაერთხელ დაემუქრა, რომ მათი მხრიდან არასაკმარისი დახმარების გამო მიგრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში გაუშვებდა.

Amnesty International-ის ანგარიში ივლისიდან სექტემბრამდე დეპორტირებულ მიგრანტებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეყრდნობა. მიგრანტები ყვებიან, რომ თურქეთი მიგრანტებს ხელბორკილებით და სპეციალური ავტობუსებით აბრუნებდა სირიაში ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. მიგრანტების ნაწილი ყვება, რომ ისინი ცემეს და დააშინეს, რათა "საკუთარი სურვილით დაბრუნების" დოკუმეტნზე მოეწერათ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დარჩენის სურვილი გამოხატეს. მათი ნაწილი ყვება, რომ სირიაში დაბრუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებოდნენ. ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილია მაგალითები, როდესაც სირიაში დაბრუნების შემდეგ მიგრანტები ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, ალ-ნუსრას ფრონტმა დააკავა.

დეპორტაციების ოფიციალური სტატისტიკა ამ დრომდე არ არსებობს.

თურქეთში ამჟამად 3.6 მილიონამდე სირიელი მიგრანტია. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის ოპერაციის მიზანია იქ 2 მილიონამდე მიგრანტი დააბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

23 ოქტომბერს ტრამპმა თქვა, რომ თურქეთს ჩრდილო სირიაში ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის გამო დაწესებული სანქციები ეხსნება.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტად სათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ერდოღანსა და პუტინს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევენ და რას ალ-აინის შემდეგ გავლენ ქალაქ მანბიჯიდან და თელ რიფაათიდანაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 23 ოქტომბერს, თურქეთის სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე თურქეთის ძალებთან ერთად რუსეთის ძალები და სირიელი მესაზღვრეები განთავსდებიან.

რუსეთმა უკვე გაგზავნა სირიაში დამატებით 276 სამხედრო და შეიარაღება.

რუსეთს სურს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნავთობის საბადოებზე კონტროლი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა დაამყაროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. მათი ნაწილი მოკავშირეებთან ერთად ნავთობის საბადოებს დაიცავს, ნაწილი კი ისრაელისა და იორდანიის საზღვართან ახლოს განლაგდება.

კომენტარები