საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და ბოროტის მსურველი

საპატრიარქო

"კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი" - ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის კომენტარს, რომ "ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის". საპატრიაქო ფაქტს კომისიაზე განიხილავს. 

"მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე" - აცხადებს საპატრიარქო.

"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის კრიტიკას. კომენტარის ამსახველი სქრინი რაჭველიშვილმა გაავრცელა.

"არ დამიწყევლია, უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს, მორჩეს ისტერიას", - დაწერა არქიმანდრიტმა ბართლომემ მოგვიანებით სხვა პოსტზე. მან ინტერვიუებისას ასევე თქვა, რომ ანიტა რაჭველიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს და ამის შემდეგ, თავადაც მოიბოდიშებს.

საოპერო მომღერალმა ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხული $1.1 მლნ-ის გამო გააკრიტიკა და მას "საცოდავი" უწოდა. "ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს" - მიმართა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილს, რამაც არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი გააღიზიანა. 

აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაწყევლა.  

"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!"-თქვა არქიმანდრიტმა.

კომენტარები