ანაკლიის პორტი

კონსორციუმი: Conti-ს დარჩენა არ გამორიცხავს ამერიკული ფონდისა და Meridian-ის მონაწილეობას

ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ "კონტი ჯგუფის" გადაწყვეტილება, დარჩეს პროექტში, არ გამორიცხავს სხვა შესაძლო ინვესტორების მონაწილეობას.

"კონტი ჯგუფი", რომელიც კონსორციუმის წილის 42%-ს ფლობს, 15 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტიდან უნდა გასულიყო, მის ჩამნაცვლებლად კი რამდენიმე პოტენციური ინვესტორი განიხილებოდა, მათ შორის ყაზახური Meridian Capital Ltd.

"მერიდიანი" რჩება, ერთ-ერთი კონკრეტული ინვესტორი. მთავრობას აქვს ვადა, რომ დაგვიდასტუროს, მათი მონაწილეობა. კონტის დარჩენა არ გამორიცხავს თუნდაც ამერიკული ფონდის მონაწილეობა იქნება თუ მერიდიანის მონაწილეობა პროექტში," - ამბობს ახვლედიანი.

მისი თქმით, კონსორციუმის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსაც შეხვდნენ:

"გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა მთავრობასთან, კერძოდ ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან. განვიხილეთ ყველა ის მიმდინარე საკითხი, რომელიც არაერთხელ დაგვისახელებია, რომ არის გადასაჭრელი. მე ვფიქრობ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო."

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ დღეს, 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული Conti International გადაწყვეტილებას ცვლის და პროექტიდან აღარ გადის.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ პროექტში ერთვება ნიდერლანდური კომპანია Van Oord. 28 ოქტომბრამდე კი მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კიდევ ერთ კომპანიასთან, ყაზახურ Meridian Capital Ltd.-სთან დაკავშირებით.

 

კომენტარები