იაროსლავ სუმბაევი

წულუკიანი სუმბაევზე: შემოვლენ უკანონოდ და იწყებენ ოკუპაციაზე ნიანგის ცრემლების ღვრას

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია მოხდა როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე ევროპული კონვენციის შესაბამისად. მას ამის არგუმენტად მოჰყავს 6 სექტემბრის წერილი, სადაც, მისი თქმით, წერია, რომ სტრასბურგი ექსტრადიციას არ შეაჩერებს.

თეა წულუკიანის თქმით, არც ამ და არც 15 ოქტომბრის წერილში არ წერია, რომ რუსი IT სპეციალისტის ექსტრადიცია უნდა შეჩერდეს.

"რომელი თარიღის წერილებიც არ უნდა ასახელოს ადვოკატმა, რომელიც არის უბრალოდ მატყუარა და ეს გუშინ მე ვაჩვენე 6 სექტემბრის წერილით, რომელსაც ის მალავდა. არც ერთი თარიღის წერილში არ წერია, რომ ექსტრადიცია სუმბაევის რუსეთის ფედერაციისკენ უნდა შეჩერდეს. პირიქით, მე გამოვაქვეყნე წერილი, სადაც წერია, რომ ეს ექსტრადიცია ევროპული სასამართლოს გადასახედიდან, არ უნდა შეჩერდეს.

თუ არის ერთი ადვოკატი სადღაც, რომელიც თვლის, რომ ეს ყველაფერი არ არის დაკმაყოფილებული, ეს მისი პრობლემაა. სტრასბურგული პროცედურების სფეროში მე მას გაკვეთილებს ვერ ჩავუტარებ. მნიშვნელოვანია, მან გასცეს ახლა უკვე საზოგადოებას პასუხის, როდესაც იცოდა, რომ სტრასბურგმა უარი თქვა ექსტრადიციის შეჩერებაზე, რატომ ატყუებდა საზოგადოებას იმ მომენტამდე, სანამ მე თვითონ არ მივმართე სტრასბურგს და არ გამოვითხოვე 6 სექტემბრის წერილი.

15 ოქტომბრის წერილში წერია დავის შესახებ სუმბაევის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაზე. პოლიციელებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს მას, ამ თემებზე დავა გაგრძელდება. მაგრამ ექსტრადიციის თემაზე დავა დასრულდა, 6 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლომ თქვა რომ ექსტრადიცია არ უნდა შეჩერდეს", - ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის საკითხი დახურულია, პირი იმყოფება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე და აგებს პასუხს იმ ქვეყნის კანონის წინაშე.

ამასთან, თეა წულუკიანის აზრით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები გადმოდიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ, მერე იგებენ, რომ მათ ქვეყანას ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და იწყებენ "ნიანგის ცრემლების ღვრას", რათა გაექცნენ კანონს.

"ექსტრადიცია განხორციელებულია და ძალიან მიკვირს, როდესაც რუსი მოქალაქეები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები თავიანთი ოკუპანტი ქვეყნიდან გადმოდიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არღვევენ ჩვენი სუვერენული სახელმწიფო საზღვარს, როგორც ეს გააკეთა უკანონოდ სუმბაევმა და მის წინააღმდეგ დევნა მიმდინარეობდა საქართველოში. როდესაც შემოვლენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ, დაარღვევენ ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარს, მერე ხვდებიან, რომ ისინი არიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, აქ იგებენ, რომ მათ ქვეყნას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და იწყებენ ნიანგის ცრემლების ღვრას იმისთვის, რომ გაექცნენ კანონს. ამიტომ მე ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ მიბრძანდნენ მის ქვეყანაში და პასუხი აგონ თავიანთი კანონის წინაშე. საქართველო არის მათი ქვეყნის მიერ ოკუპირებული და აქ ჩვენ მოჩვენებითი ქართველების და საქართველოს ფერება, რომ ჩვენ გვიყვარხართ თქვენ და თავშესაფარი მოგვეცით, მერე რა, რომ დამნაშავეეები ვართ, ვერ მოხდება", - აღნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს წერილი იაროსლავ სუმბაევის შესახებ გუშინ, 24 ოქტომბერს გაავრცელა.

იაროსლავ სუმბაევს რუსეთი ბრალს მოსკოვის რეგიონის გამომძიებელს, ევგენია შიშკინას მკვლელობაში, ასევე, კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებს. 

28 წლის IT სპეციალისტი რუსეთის ციხეში დიდი ალბათობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. 

სუმბაევი არ არის პირველი პატიმარი, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები