ლუკ კოფის ინიციატივა

"ექსპერტის რაღაც მოსაზრება" - რას ამბობს ოცნება აშშ-ის ჯარების საქართველოში განთავსებაზე

The Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი გამოვიდა ინიციატივით, რომ სირიიდან გამოსული აშშ-ის ჯარები საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განლაგდნენ და ამ მხრივ, კოფის თქმით, "ჰორიზონტს მიღმა" არსებული ძალა გახდნენ, რათა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში, მათ სწრაფად უპასუხონ ამ გამოწვევას. 

მოგვიანებით ლუკ კოფიმ ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ეს ინიციატივა, მათ შორის, რუსეთის შეკავებასაც ეხება. 

ჟურნალისტები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს კოფის ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა მმართველი გუნდის წევრებს პირდაპირი პასუხის გაცემა უჭირდათ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ლუკ კოფი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობას და ის ექსპერტ-ანალიტიკოსია. 

საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოების წევრებისთვის რთული აღმოჩნდა იმის თქმაც კი, მოსწონდათ, თუ არა კოფის ეს ინიციატივა და გამოიყენებდნენ თუ არა მათ ხელთ არსებულ რესურსს იმისთვის, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამ იდეით დაეინტერესებინათ. უფრო მეტიც, მათ ისიც კი არ უთქვამთ, გაზიარების შემთხვევაში, რამდენად სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის. 

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროებს განცხადება არ გაუვრცელებიათ. ტაბულა თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, აპირებენ, თუ არა კოფის ინიციატივაზე კომენტარის გაკეთებას, რაზეც უწყებაში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არ იციან. დღის განმავლობაში ჩვენ სამინისტროს არაერთხელ დავუკავშირდით, თუმცა პასუხი უცვლელი იყო. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ლუკ კოფის ინიციატივას Twitter-ზე ექსპერტის მიერ დაწერილი "რაღაც მოსაზრება" უწოდა და მისი თქმით, არ მიიჩნევს, რომ ყველა ექსპერტის მოსაზრებაზე უნდა გააკეთოს კომენტარი. 

"[ლუკ კოფი] არის ექსპერტი, რომელმაც Twitter-ზე რაღაც მოსაზრება გამოთქვა და, რა თქმა უნდა, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ საკითხი ასე არ დგას და არ მიმაჩნია, რომ ექსპერტების ყველა მოსაზრებაზე უნდა გავაკეთოთ კომენტარი,"- თქვა ქეთევან ციხელაშვილმა. 

იუსტიციის მინისტრმა კი ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ ინიციატივის შესახებ მისგან გაიგო და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომენტარს ვერ გააკეთებდა. 

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის სპიკერმა და ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ალბათ, სწორი იქნება, თუ ექსპერტის მიერ წარმოთქმულ მოსაზრებას ქართველი ექსპერტები უპასუხებენ. 

"ასეთი წინადადება არ ყოფილა დასმული იმ სამუშაო ფორმატებში, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან,"- თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

კოფის ინიციატივას პირად მოსაზრებად განიხილავს მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი ნინო გოგუაძეც. 

"ეს საკითხი ქვეყნებს შორის ოფიციალურ დონეზე არ არის განხილვის თემა. ლუკ კოფის მოსაზრებებს მისი გულშემატკივრობის პოზიციიდან განვიხილავ, მაგრამ ეს არის ექსპერტის პოზიცია,"- თქვა გოგუაძემ. 

ხოლო პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ მისგან უხერხული იქნება კოფის ინიციატივის განხილვა, რადგან აშშ-ისგან ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა. 

"კოფის განცხადება გახლავთ არაოფიციალური პირის განცხადება. ის წარმოადგენს ექსპერტს. ამაზე რაიმე ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა ამიტომ, უხერხული იქნება ჩემი მხრიდან მის ერთგვარ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება," - თქვა ირაკლი სესიაშვილმა. 

კომენტარები