ლუკ კოფის ინიციატივა

ხიდაშელი კოფის იდეაზე: საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ვერ გაბედავს, ის უბრალოდ მშიშარაა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავს The Heritage Foundation-ის მკვლევრის, ლუკ კოფის, იდეის გაზიარებას, რომელიც სირიიდან გამოსული აშშ-ის ჯარების საქართველოში განლაგებას გულისხმობს. 

ხიდაშელის თქმით, რეგიონში ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოზე უფრო საიმედო დასაყრდენი ქვეყანა არ ჰყავს და ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ქვეყნებს შორის უკვე 20-ზე წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს, საქართველოს აძლევს იმ სითამამეს, რომ ასეთი განაცხადი გააკეთოს.

"საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ვერ გაბედავს. ვერავისთან მიმართებაში ვერ ბედავს და ვერ გაბედავს. ზოგადად, ამ ხელისუფლების ნიშანია ის, რომ ის, უბრალოდ, მშიშარაა ყველაფერთან მიმართებაში,"- ამბობს თინა ხიდაშელი. 

ჟურნალისტები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს კოფის ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა მმართველი გუნდის წევრებს პირდაპირი პასუხის გაცემა უჭირდათ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ლუკ კოფი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობას და ის ექსპერტ-ანალიტიკოსია. 

საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოების წევრებისთვის რთული აღმოჩნდა იმის თქმაც კი, მოსწონდათ, თუ არა კოფის ეს ინიციატივა და გამოიყენებდნენ თუ არა მათ ხელთ არსებულ რესურსს იმისთვის, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამ იდეით დაეინტერესებინათ. უფრო მეტიც, მათ ისიც კი არ უთქვამთ, გაზიარების შემთხვევაში, რამდენად სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის. 

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროებს განცხადება არ გაუვრცელებიათ. ტაბულა თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, აპირებენ, თუ არა კოფის ინიციატივაზე კომენტარის გაკეთებას, რაზეც უწყებაში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არ იციან. დღის განმავლობაში ჩვენ სამინისტროს არაერთხელ დავუკავშირდით, თუმცა პასუხი უცვლელი იყო. 

24 ოქტომბერს ლუკ კოფიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გამოვიდა შეთავაზებით, რომ სირიიდან გამოსვლის შემდეგ აშშ-ის ჯარები საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში უნდა განთავსდნენ და ამ მხრივ, კოფის თქმით, "ჰორიზონტს მიღმა" არსებული ძალა უნდა გახდნენ, რათა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში, მათ სწრაფად უპასუხონ ამ გამოწვევას. მოგვიანებით ლუკ კოფიმ ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ეს მათ შორის რუსეთსაც ეხება, ხოლო მათ, ვინც ამ პროცესში თურქეთის ფაქტორზე ღელავს, კოფის თქმით, არ ესმით, როგორია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები