TBC ბანკის საქმე

ხაზარაძე პროკურატურაზე: საუბარი აღარაა უსამართლობაზე, საუბარია ელემენტარულ არცოდნაზე

0 კომენტარი

საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის საქმეზე 5-საათიანი წინასასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ ბანკის დამფუძნებელი და ახლა უკვე პოლიტიკური მოძრაობა ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მან სხდომაზე პროკურორების სრული გაუნათლებლობა დაინახა. 

"აქ აღარ გვაქვს ლაპარაკი უსამართლობაზე, დავალების შესრულებაზე, აქ გვაქვს ელემენტარული არცოდნა ტერმინებისა და ისეთი რაღაცების, რაც მე-9 კლასის მოსწავლემ უნდა იცოდეს,"- თქვა ხაზარაძემ. 

ხაზარაძის თქმით, არაფერი ახალი არ ყოფილა იმაში, რაც სასამართლო პროცესზე მოისმინა და რომ პროკურატურამ ვერ შეძლო, აეხსნა, კონკრეტულად რა ნაწილში ჩანს ფულის გათეთრება. 

"ის, რასაც ისინი ამტკიცებენ, ნიშნავს, რომ საქართველოში გადარიცხვა, კონვერტაცია, საკრედიტო ხელშეკრულებები უნდა აიკრძალოს და დაიხუროს მთლიანად ნებისმიერი საფინანსო ოპერაციები იმიტომ, რომ რასაც ისინი ამტკიცებენ, აბსურდის ტოლფასია,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

TBC ბანკისა საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და TBC ბანკის საქმეზე სამივე ბრალდებულის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ძალაში დატოვა. მომდევნო სასამართლო სხდომა 8 ნოემბერსაა ჩანიშნული. 

  • TBC ბანკის საქმე

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ამ საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი TV პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა მას TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 27 აგვისტოს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები