ანაკლიის პორტის პროექტი

კონტი ჯგუფი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, ვაგრძელებთ ანაკლიის პროექტში წილის გასხვისების პროცესს

ბია

BM.ge-ის ცნობით, მათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელი კომპანია "კონტისგან" საგანგებო განცხადება მიიღეს, რომელშიც წერია, რომ ქართული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

"ამ წლის დასაწყისში კონტი ინტერნეშენელმა, კონტი ჯგუფის წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი.

მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებსავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება.

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ კონტის პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას,"- წერია განცხადებაში, რომელსაც bm.ge ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, კონტი ყველა იმ პირობას შეასრულებს, რაც კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტად ვადაში დატოვებისთვის საჭიროა. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 25 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ამერიკული Conti International გადაწყვეტილებას ცვლის და პროექტიდან აღარ გადის. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანია კონსორციუმიდან გასვლას გეგმავდა, თავდაპირველად 15 აგვისტოს გავრცელდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობდნენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

კომენტარები