ანაკლიის პორტის პროექტი

ჯაფარიძე კონსორციუმიდან Conti-ის გასვლაზე: ფაქტია, დღეს დილით კონსორციუმმა სხვა წერილი მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

TBC ბანკის ერთერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკული კომპანია Conti International კონსორციუმიდან გასვლას მაინც გეგმავს. 

ჯაფარიძეს ეს განცხადება, რომელიც კონტი ჯგუფმა ექსკლუზიურად bm.ge-ის გაუგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტვ პირველის ეთერში, პირდაპირ ეთერში წაუკითხეს, რაზეც მან თქვა, რომ დამატებით არაფრის თქმა არ შეუძლია გარდა იმისა, რომ კონსორციუმის 24 ოქტომბრის განცხადება, რომ კონტი ჯგუფმა პროექტის დატოვება გადაიფიქრა, სწორედ ამერიკული კომპანიის მიერ მიღებული წერილის საფუძველზე გავრცელდა. 

"ფაქტია, რომ დღეს დილით სხვა წერილი მიიღო კონსორციუმმა. მე როგორც მოგეხსენებათ აღარ ვმონაწილეობ კონსორციუმის მმართველობით ორგანოებში. ალბათ, კონსორციუმი თვითონ გაერკვევა, დაუკავშირდებიან კონტი ჯგუფს,"- თქვა ჯაფარიძემ. 

bm.ge-ის ინფორმაციით, მათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელი კომპანია Conti International-ისგან საგანგებო განცხადება მიიღეს, რომელშიც წერია, რომ ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ კონტის პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას,"- წერია განცხადებაში, რომელსაც bm.ge ავრცელებს. 

იმავე განცხადებაში კონტი ჯგუფი წერს, რომ ისინი წილების გასაყიდად მთავრობის თანხმობას ელოდებიან. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონტი ჯგუფი კონსორციუმიდან გასვლას გეგმავდა, თავდაპირველად 15 აგვისტოს გავრცელდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობდნენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

25 ოქტომბერს კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ამერიკული კომპანია გადაწყვეტილებას ცვლის და პროექტიდან აღარ გადის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები