დიდი ბრიტანეთი

ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ 39 დაღუპულს შორის, შესაძლოა, ვიეტნამელებიც იყვნენ

REUTERS

დიდი ბრიტანეთში, ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ 39 დაღუპულს შორის, შესაძლოა, 10 ვიეტნამის მოქალაქეც იყოს. თავდაპირველი ინფორმაციით, 39-ივე დაღუპული ეროვნებით ჩინელი იყო, თუმცა პეკინს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ბრიტანეთში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ადამიანების სავარაუდო ტრეფიკინგის ბრალდებით, უკვე ოთხი პირი დააკავეს.

ლონდონში ვიეტნამის საელჩოში ამბობენ, რომ ვიეტნამიდან საელჩოს ოჯახები დაუკავშირდნენ, რომლებიც მათ დაკარგულ ნათესავებს ეძებდნენ.

ბრიტანეთში ვიეტნამური თემის ორგანიზაციას VietHome ვიეტნამიდან 10 ოჯახიდან შეატყობინეს ინფორმაცია, რომ მათი ნათესავები დაკარგულები იყვნენ.

ვიეტნამიდან სამოქალაქო გაერთიანება ადამიანის უფლებათა სივრცის წარმომადგენელის ჰოა ნგიემის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც სატვირთო მანქანა ბელგიიდან ბრიტანეთში მიდიოდა 26 წლის დაკარგულმა ფამ თი თრა მიმ დედამისს მესიჯი მიწერა, რომ ვერ სუნთქავდა:

"დედა, მამა, ბოდიში. საზღვარგარეთ ჩემი გამგზავრება წარმატებული არ აღმოჩნდა".

როგორც გაირკვა, თრა მი თავდაპირველად ჩინეთში წავიდა, საიდანაც საფრანგეთში წასვლას და იქიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას გეგმავდა.

ბრიტანეთის პოლიცია დაღუპულთა ფორმალურ იდენტიფიკაციის პროცესს აწარმოებს. ამ პროცესის დასრულებამდე პოლიცია სხვა დეტალებს ვერ გაამჟღავნებს.

გუშინ პოლიციამ ადამიანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 38 წლის ქალი და მამაკაცი უორინგტონში, ხოლო 48 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი მამაკაცი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დააკავა.

სატვირთო მანქანის 25 წლის მძღოლი მალევე დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ირლანდიიდან არის.

შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. 39 დაღუპულიდან 31 მამაკაცი და 8 ქალია, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

კომენტარები