გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე: პროკურატურას მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით

"მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება, რაც საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას," - შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ მედიასთან ისაუბრა. მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.

"მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერმინისტრიც და ყველაფერი. პროკურატურა იძიებს საქმეს. თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას, მე ვერ შევაფასებ," - თქვა გომელაურმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთი წლისა და 10 თვის შემდეგ, 22 ოქტომბერს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაკითხა.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

კომენტარები