ოკუპაცია

გომელაური: ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა

"ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა," - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ტერიტორიები სადაც ახლა ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ, საქართველომ 2008 წელს დაკარგა და იმის თქმა, რომ ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ, არასწორია. მინისტრის თქმითვე, საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არ არის.

"ახლა სადაც ღობე არ არის გავლებული გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ! ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა. სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია. ეს დაკარგულია 2008 წლის შემდეგ," - თქვა გომელაურმა.

2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ხაზი არაერთხელ გადმოსწიეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს არაერთი მოქალაქის კუთვნილი მიწა მოექცა. ასევე, ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწიდან იტაცებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. 

ერთერთი ასეთი შემთხვევა გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს, მოხდა, როცა რუსმა ოკუპატნებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ასევე, გუგუტიანთკარიდან გაიტაცეს საქართველოს 8 მოქალაქე. მათი გათავისუფლება რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა. 

ორი დღის წინ კი ოკუპანტებმა დამკვირვებლები დააკავეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა დროებით დააკავეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერდა, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-მ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოები გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

კომენტარები