მეუფე პეტრე: მეუფე იაკობის განცხადება სრული ბოდვაა არაფხიზელ მდგომარეობაში

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

"იაკობის დღევანდელი განცხადება არის სრული ბოდვა არაფხიზელ მდგომარეობაში",-ასე ეხმაურება მეუფე პეტრე მეუფე იაკობის ბრალდებას, რომ ის ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, სახელისუფლებო პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდა.

"მის ამ არაადეკვატურობაზე და არაადამიანურ გამოხტომაზე ნამდვილად მიჭირს კომენტარის გაკეთება. მივმართავ პროკურატურას, რომ არ დატოვონ უყურადღებოდ მისი დღევანდელი განცხადება მიუხედავად ბოდვისა. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, აუცილებელ პირობას გაძლევთ, რომ თუ მანამდე მას მორალური შეგნება უღალატებს და არ წავა მონასტერში სინანულისათვის, სინოდზე აუცილებლად დაესმევა წერტილი მის ამ არაადეკვატურობას,"-თქვა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

როგორც მეუფე პეტრე ამბობს, პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის სიტყვებზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აკისრებს, რადგან მან მეუფე იაკობი ხარისხში აიყვანა და ამით "წაახალისა".

"მეუფე იაკობის საქციელზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს, ვინაიდან მან ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს როდესაც დააჯილდოვა და აიყვანა ხარისხში და აღამაღლა, მან თქვა ქადაგებისას, რომ მეუფე იაკობს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ ის ასრულებდა მის დავალებას. ამ ლოგიკით, დღესაც მეუფე იაკობმა შეასრულა კათოლიკოს პატრიარქის დავალება, ვინაიდან პატრიარქმა წაახალისა მისი არაადეკვატური და ეკლესიის მიმართ სამარცხვინო საქციელის გამო არაერთგზის",-ამბობს მეუფე პეტრე.

მეუფე იაკობის ბრალდებას, რომ მეუფე პეტრემ საპატრიარქოს მიერ ტელევიზიის შესასყიდად გამოყოფილი 2 მილიონი ლარი მიითვისა, მეუფე პეტრე უარყოფს.

"ხსენებული ორი მილიონით ნამდვილად საქართველოს საპატრიარქომ შეიძნა მაუწყებლობა "სტერეო პლიუსისაგან" აბსოლუტურად გამჭვირვალედ. 2008 წლიდან 2017 წლამდე თითოეულ კაპიკზე ვაგებ პასუხს",-ამბობს ის.

ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული. 

კომენტარები