აშშ-რუსეთი

აშშ-ში დაკავებული რუსი აგენტი მარია ბუტინა სასჯელის მოხდის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა

BBC

რუსი აგენტის, 30 წლის მარია ბუტინას, რომელიც აშშ-ში ჯაშუშობის და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში ინფორმაციის მოპოვების მიზნით შეღწევის გამო დააკავეს, დეპორტაცია აშშ-მა დღეს განახორციელა.

ბუტინამ ფლორიდის ციხეში 18 თვე მოიხადა. რუსეთის მთავრობა მის წინააღმდეგ ბრალდებებს მოგონილს უწოდებს.

ბუტინამ აშშ-ის იარაღის ეროვნულ ასოციაციაში (NRA) შეღწევა და ამათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა სცადა. ის ირწმუნებოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ბავშვობიდან უყვარს და იარაღის მფლობელთა უფლებების დაცვა სურდა. 2015 წელს ბუტინა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებასაც დაესწრო ლას ვეგასში და ტრამპს აშშ-ის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

2016 წელს ბუტინა აშშ-ში სასწავლო ვიზით გადავიდა საცხოვრებლად. ის 2018 წლის ივლისში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთისათვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მიხედვით ბუტინა რუსეთის სენატის ყოფილი წევრის, ალექსანდ ტორშინისათვის მუშაობდა, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა და მის წინააღმდეგ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად NRA-ს დაფინანსების ბრალდებით გამოძიებას ატარებს.

FBI-ს მიხედვით 2015 წელს ბუტინამ რესპუბლიკელ ლობისტს, პოლ ერიკსონს, რომელთანაც რომანტიული ურთიერთობაც ჰქონდა, წარუდგინა პროექტი "დიპლომატია", რომელიც NRA-ს კავშირების რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისათვის გამოყენებას გულისხმობდა, რათა რუსეთის მიმართ მათი მკაცრი დამოკიდებულება შეეცვალათ.

ბუტინამ წაყენებული ბრალი 2018 წლის დეკემბერში აღიარა და თქვა, რომ საკუთარ ქმედებებს ნანობდა.

კომენტარები