ლიბანი

ლიბანში აქციები მეათე დღეა გრძელდება, შეიარაღებული ძალები ქუჩების გახსნას ცდილობენ

Reuters

ლიბანში საპროტესტო აქციები მეათე დღეა გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებული ძალები გადაკეტილი ქუჩების გახსნას ცდილობენ. არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუჩებში სპეციალური ძალების მობილიზება მთავარი სატრანსპორტო არტერიების გასახსნელად გახდა საჭირო, რათა მოძრაობა აღდგეს და მომიტინგეთა უსაფრთხოება დაიცვან. ზოგიერთ ქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA-ს მიხედვით ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტრიპოლიში მაშინ, როდესაც შეიარაღებული ძალები ქუჩის გახსნას ცდილობდნენ სროლის ხმა გაისმა. უცნობია რომელი მხრიდან მოხდა გასროლა. დაშავდა სამი ადამიანი.

მომიტინგეებმა ქუჩების გადასაკეტად ბარიკადები ააგეს. ისინი ხელისუფლებას კორუფციაში და ქვეყნის ფინანსური რესურსების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

დახურულია სკოლები, ბანკები და ბიზნესების ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სასწრაფო რეფორმები დაანონსა, პროტესტი არ წყდება. რეფორმების პროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად, მინისტრების ანაზღაურებას გაანახევრებს. განახევრება მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტარების ხელფასებიც. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს შეღავათები და პრივილეგიები შეუმცირდებათ.

მთავრობა გეგმავს სატალეკომუნიკაციო სექტორის პრივატიზებას და ენერგეტიკის სექტორის რეფორმებს.

მომიტინგეები თავდაპირველად ქუჩაში WhatsApp-სა და სხვა მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადის დაწესების თაობაზე მთავრობის ინიციატივის გამო გამოვიდნენ, თუმცა შემდეგ პროტესტი პოლიტიკური მდგომარეობის და კორუფციის წინაარმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა. მათი ნაწილი ჰარირის მთავრობის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები