უკანონო იარაღის ამოღება

შსს: სამეგრელოში იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 3 პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, 1966 წელს დაბადებული ე.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 1962 წელს დაბადებული ო.ა.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის „აკა 47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. 

ასევე, ჩხოროწყუსა და მარტვილის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1955 წელს დაბადებული ნ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 საბრძოლო ვაზნა. 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები