ე.წ. ისლამური სახელმწიფო

მედია: აშშ-ის სპეცოპერაციისას ISIS-ის ლიდერმა, ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა

0 კომენტარი

CNN-თან საუბარში ანონიმური ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.

ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, რომ დნმ-ის ანალიზი მიმდინარეობს, რათა დადასტურდეს დაღუპულთა ვინაობა და ალ-ბაღდადის სიკვდილი.

პარალელურად, ირანელი ოფიციალური პირები Reuters-თან საუბარში ამბობენ, რომ სირიაში მათმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელეს.

ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა თეთრ სახლში თქვეს, რომ მალე დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. მანამდე კი ტრამპმა ტვიტერზე დაწერა "რაღაც ძალიან დიდი მოხდა!"

ოფიციალური პირები მედიასთან ანონიმურად საუბარში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-დასავლეთით განხორციელდა, თუმცა ვერ ადასტურებენ მოკლეს თუ არა ალ-ბაღდადი.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ცრუ ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე წელს, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, 5 წლის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა.

18-წუთიან ვიდეოში, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა, ალ ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში - ალ ბაღდადი პასუხისმგებლობას იღებს შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ქრისტიანულ ტაძარში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორგანიზაცია მათი მებრძოლების დაკავებისა და დახოცვისთვის შურისძიებას გეგმავს. უცნობია, ზუსტად როდის არის ვიდეო გადაღებული.

ალ-ბაღდადის ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის 1971 წელს ქალაქ სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით დაიბადა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შესვლამდე ის ერთ-ერთ მეჩეთში სასულიერო პირი იყო, ზოგიერთი ინფორმაციით კი ალ-ბაღდადი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროსაც ჯიჰადისტი მებრძოლი იყო.

პირველად ალ-ბაღდადი 2010 წელს გამოჩნდა როგორც ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი. 2014 წელს კი გავრცელდა მოსულიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში ხალიფატის დაარსებას აცხადებს.

ამის შემდეგ ალ-ბაღდადი არ გამოჩენილა და ვარაუდობდნენ, რომ ის საჰაერო თავდასხმებისას მოკვდა, თუმცა მიმდინარე წელს გავრცელებულმა ვიდეომ ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები