ქორწინების იძულება

შსს: კახეთში არასრულწლოვანი გოგოს იძულებით ქორწინების ბრალდებით მისი მამა დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი გოგოს ქორწინების იძულების ბრალდებით მისი მამა დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვანი გოგოს მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.

მათივე ცნობით, არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გოგო თავსესაფარში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები