უგულავა: დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მზად ვართ, მეუფე იაკობს პარლამენტში მოვუსმინოთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მეუფე იაკობის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მტკიცებით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სახელისუფლებო პირები გეგმავდნენ. 

უგულავას თქმით, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია მზად არის მეუფე იაკობს საპარლამენტო ფორმატში მოუსმინოს. 

უგულავა ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებულია, მეუფე იაკობის მიერ საჯარო სივრცეში გაჟღერებული განცხადებები გადაამოწმოს. 

"მეუფე იაკობი შეიძლება რაღაცას აჭარბებს მაგრამ მსგავსი შეხვედრა ალბათ შედგა. მე ვფიქრობ, რომ აქ ცალსახად უფრო იკვეთება ქართული ოცნების მთავრობის სურვილი, ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში. ჩვენ ევროპული საქართველო, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეუფეს, თუ მას ამის სურვილი ექნება, მოვუსმინოთ საპარლამენტო ფორმატში"- ამბობს გიგი უგულავა. 

...........

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები