გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე: ორი წელი და რვა თვეა, პროკურატურა ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებს

ნეტგაზეთი

"ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ" - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ტელეკომპანია პირველმა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისგან მიიღო. ტელეკომპანია ჯერჯერობით დეკანოზის თხოვნით არ ასაჯაროებს წერილს და მხოლოდ მის მცირე ნაწილს ავრცელებს.

"გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი [სალომე აიდეიშვილის FB სტატუსი, რაზეც პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო], ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლის მერე გავიძახი. სწორედ საქმეების შემკერავი პროკურორი გადაჰგყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. პროკურატურა მე არარსებული დანაშაულის აღიარებას მთხოვდა და ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ" - ნათქვამია წერილში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები