არჩევნები 2019

ლაგოდეხის ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

ghn.ge

ლაგოდეხის ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა ომარ შველიძემ ხმების 84.4% (1991 ხმა) მიიღო, ევროპული საქართველოს კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა - 14.71% (347 ხმა), მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის კანდიდატმა დავით ბეგლარაშვილმა - 0,89 % (21 ხმა). ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის 4 საარჩევნო უბანზე აქტივობა 57,06 % (2413 ამომრჩეველი) იყო.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებშიც ჩატარდა, სადაც მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატები იყრიდნენ კენჭს. შესაბამისად, ზურაბ ფეიქრიშვილმა და რობერტ კაკულიამ ხმების 100-100% მიიღეს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დაკვირვებით, ლაგოდეხში, მარტვილსა და ადიგენში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე, ყველა (შვიდივე) საარჩევნო უბანზე, "მასიური სახე ჰქონდა ქართული ოცნების კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას". 

ორგანიზაციის ცნობით, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ქართული ოცნების კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებსა და საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებულ მაგიდებთან აღრიცხავდნენ.

"მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა, ამომრჩეველმა აღიქვას, როგორც ირიბი ზეწოლა. ამასთან, ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე. 

სამართლიანი არჩევნები მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ წარსულში ზემოთ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ გაკეთებული არაერთი მოწოდების და რეკომენდაციის მიუხედავად, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პარტიული კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლის აღრიცხვის შემთხვევები კვლავ განმეორდა და მასშტაბური სახე ჰქონდა" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები