კახიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: გამოძიება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს

ტაბულა

"გამოძიება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, ამას ითხოვს საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექს," - ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. კახიძე ამბობს, რომ არ აქვს იმედი, რომ ხელისფულება რომელიმე  მნიშვნელოოვან და რეზონანსულ საქმეს გამოიძიებს და ბოლომდე მიიყვანს.

"არ არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს და ყველა ამ ფაქტს საბოლოო ჯამში მოეფინება აუცილებლად ნათელი. საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ყველაფერს, რაც ხდება საქართველოს ეკლესიაში (სერიოზული კრიზისის ნიშნები არის უკვე როცა პირდაპირ მაღალი იერარქი ამაზე საუბრობს) და ასევე ხელისუფლების რომელი მაღალჩინოსანი რა უკანონო ქმედებეში იყო ჩართული, ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი თავის დროზე კვალიფიციური გამოძიებით," - ამბობს კახიძე. 

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქოს ქორეპისკოპოსი აღარ არის. 

საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. 

კომენტარები