მდინარაძე მეუფე იაკობის გადადგომაზე: უპასუხისმგებლობა იქნება ამაზე კომენტარის გაკეთება

ქართული ოცნება

უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან წასვლის შეფასება, მისგან, როგორც პარლამენტარისგან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება. 

მდინარაძის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

"უპასუხისმგებლობა იქნება ამაზე სერიოზული სახით კომენტარის გაკეთება...სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ არასდროს, არავითარ შემთხვევაში. ამასთან უნდა გვახსოვდეს ეკლესიის განსაკუთრებული როლი"- აღნიშნა მან. 

....................

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

დღეს, 28 ოქტომბერს, მეუფე იაკობი საპატრიარქოში მივიდა და პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. 

"მე გადავდექი მე, არავის გადავუყენებივარ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა"- თქვა მეუფე იაკობმა. 

კომენტარები