სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: პრეზიდენტი პარიზში კულტურული მემკვიდრეობის კონგრესს დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ სალომე ზურაბიშვილი პარიზში გაემგზავრება და კულტურული მემკვიდრეობის სამიტს დაესწრება.

"სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხესოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა. აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. პროექტი 2014-2018 საქართველოს მთავრობისა და "ფონდი ქართუს" დაფინანსებით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე ცნობილი გახდება 7 გრანპრის ლაურეატი და ნომინაციის "საზოგადოების რჩეული" გამარჯვებული, რომლის მოსაპოვებლად კანდიდატურებისთვის ევროპისა და მსოფლიოს მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო", - წერს პრესსამსახური.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში.

ამასთან ერთად ცერემონიალს დაესწრებიან: ფონდი ქართუს  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის თანადამფინანსებელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მელივა, პროექტის  "ქართული სახლი" ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი, პროექტის შემსრულებელი კომპანიის "არქიტექსი "წარმომადგენელი შალვა მელიქიძე.

კომენტარები