ჰაკერული თავდასხმა

შსს-მ დღეს მომხდარ ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განხორცილებულ ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხა.

როგორ უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოკითხვები მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარდა. მათივე თქმით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ასევე სხვადასხვა ადგილებზე ატარებენ.

დღეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე, ასევე, კერძო საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

გარდა ამისა, ტელეკომპანიები "იმედი" და "მაესტრო", სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გადიოდნენ.

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.

კომენტარები