საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

აშშ-ის კონგრესი ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე პირველ კენჭისყრას მიმდინარე კვირას გეგმავს

დონალდ ტრამპი, ნენსი პელოსი, მაიკ პენსი
AFP

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე პირველ კენჭისყრას მიმდინარე კვირას გეგმავს. ამის შესახებ სპიკერმა ნენსი პელოსიმ თქვა.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება. კონგრესმენები ჯერ-ჯერობით ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს არ უყრიან. მათ ხმა უნდა მისცენ საიმპიჩმენტო გამოძიების ძირითად წესებს. ამ დრომდე პელოსი რესპუბლიკური პარტიის მოწოდებაზე ფორმალური კენჭისყრის შესახებ უარს ამბობდა.

პელოსის თქმით ეს ნაბიჯი გააქარწყლებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ თეთრ სახლს დოკუმენტების დამალვა ან კონგრესში გამოკითხვაზე უარის თქმა შეუძლია და პროცესის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.

თეთრ სახლში საიმპიჩმენტო გამოძიებას უკანონოს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

თუმცა, ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა ანონიმური მხილება, რომელშიც ის სწორედ ამ სატელეფონო საუბარზე და თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ მისი დამალვის მცდელობაზე საუბრობს.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების და იმპიჩმენტის პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები