ირანი

ყოფილი მის ირანი, რომელსაც ირანში დეპორტაცია ემუქრება, ფილიპინებს თავშესაფარს სთხოვს

ბაჰარე ზარე ბაჰარი
Facebook

ყოფილი მის ირანი, ბაჰარე ზარე ბაჰარი 2 კვირაა მანილას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და ფილიპინებისაგან თავშესაფარს ითხოვს. ბაჰარი ამბობს, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში მას მოკლავენ. ბაჰარი მანილას აეროპორტში 12 დღის წინ დუბაიდან ჩაფრინდა, თუმცა ქვეყანაში შესვლის უფლება აღარ მისცეს.

ფილიპინების საიმიგრაციო დეპარტამენტის მიხედვით გასულ კვირას ინტერპოლმა ბაჰარის დაკავების ორდერი გამოსცა. ბაჰარი ამბობს, რომ მისი დაკავება ირანმა 2018 წელს მოითხოვა.

"მე აქ ვცხოვრობ 2014 წლიდან, ირანში არ დავბრუნებულვარ. როგორ უნდა იყოს ირანში ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრული, როდესაც აქ ვცხოვრობ?" ამბობს ბაჰარი CNN-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ბაჰარი ფილიპინებში სასწავლად 5 წლის წინ წავიდა და მას შემდეგ იქ სტუდენტის ვიზით ცხოვრობს. ის ირწმუნება, რომ მის ვიზას ვადა 2020 წლის იანვრამდე აქვს. ბაჰარის მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ ინტერპოლმა დაკავების ორდერი გამოსცა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ვიზებიც ვერ უნდა მიეღო.

ის ირწმუნება, რომ ირანის მთავრობის კრიტიკის და აქტივიზმის გამო სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბაჰარის მიაჩნია, რომ ირანის მთავრობამ ის მიზანში ქვეყნიდან განდევნილი რეზა ფეჰლევის, ირანის ყოფილი შაჰის შვილის, მხარდაჭერის გამო ამოიღო. ბაჰარის თქმით ირანმა მის წინააღმდეგ გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც ის სილამაზის კონკურსზე ფეჰლევის გამოსახულებიანი დროშით გამოვიდა.

ბაჰარე ზარე ბაჰარი
ფოტო: Facebook

ბაჰარი ამბობს რომ ის მასწავლებელი გახდა, რათა გოგონებს ასწავლოს, რომ ისინი "სათამაშოები არ არიან და ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ბიჭებს."

ბაჰარის საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ მანილაში ირანის საელჩოში და ინტერპოლში.

Human Rights Watch-ში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და მათ შორის ირანი დისიდენტების იძულებით დასაბრუნებლად ინტერპოლის ორდერს იყენებენ.

კომენტარები