ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ელექტრონული სამაჯური მოძალადისთვის - რას გულისხმობს და რას შეცვლის შსს-ს ახალი ინიციატივა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დაცვის ახალი მექანიზმის შემოღებას გეგმავს. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მოძალადეებისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას ითვალისწინებს.

ელექტრონული სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია შემაკავებელ ორდერს გამოწერს და სიტუაციის შეფასებისას ჩათვლის, რომ მსხვერპლის დასაცავად საჭიროა დამატებითი ღონისძიებები. შსს-ს წარმომადგენელი შესაბამის ოქმს შეადგენს, 24 საათის ვადაში კი სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ.

სამაჯური შემაკავებელი ორდერის თანმდევია, შესაბამისად, ორდერის გარეშე, მას არ გამოიყენებენ. გამომდინარე იქედან, რომ შემაკავებელი ორდერი მაქსიმუმ, ერთ თვიანია, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების ვადაც, მაქსიმუმ, ერთი თვეა.

თუმცა, პროექტის თანახმად, მოძალადეს ელექტრონული სამაჯური შეიძლება დაუმაგრდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს. ანუ, თუ თავდაპირველად პოლიციამ მხოლოდ ორდერი გამოწერა, შესაძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის შემდგომ დამატება, ოღონდ აუცილებლად, ორდერის მოქმედების ვადაში. ორდერის გაუქმება იწვევს ელექტრონული ზედამხედველობის მოხსნასაც.

გამომდინარე იქედან, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენება მსხვერპლის მხრიდანაც მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს, საჭიროა მისი თანხმობაც.

კანონპროექტის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის ოქმში მითითებული უნდა იყოს მისი გამოცემის თარიღი და ადგილი, მისი გამოცემის საფუძველი, მოძალადის, ასევე, მსხვერპლის პირადი მონაცემები, ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის თაობაზე და მსხვერპლის სახლი, სამსახური ან სხვა ადგილები, სადაც მიახლოება მოძალადეს შემაკავებელი ორდერით ეკრძალება.

მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისასაც კი, 112-ს აქვს უფლება დაუკავშირდეს მსხვერპლს ან მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. 112-ის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

პოლიცია მსხვერპლს შესაბამის ტექნიკურ საშუალებას გადასცემს, ხოლო მოძალადეს სხეულზე უმაგრებს. თუ ადგილზე ეს შეუძლებელია, შსს-ს შეუძლია ამისთვის მსხვერპლი ან/და მოძალადე პოლიციაში დაიბაროს. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე არ გამოცხადდება, პოლიციას შეუძლია ქვეყნის მასშტაბით მისი ძებნა გამოაცხადოს.

იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე ელექტრონულ სამაჯურს თავს აარიდებს ან დააზიანებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.


ფოტო: www.eff.org
აღსანიშნავია, რომ მოძალადის წინააღმდეგ სხვა სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება ვერ გახდება მისთვის ელექტრონული სამაჯურის არ დამაგრების საფუძველი. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა პირს პატიმრობა შეეფერადება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული ზედამხედველობა უქმედება.

შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იზრდება დამცავი ორდერის ვადაც. ამ ორდერს სასამართლო გამოსცემს, ის უფრო ეფექტურია და მაქსიმუმ, 6 თვიანი შეიძლება იყოს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დამცავი ორდერის მოქმედების მაქსიმალური ვადა შესაძლოა, 9 თვე გახდეს. თუმცა, ინიციატივა არ ითვალისწინებს ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას ამ ტიპის ორდერის შემთხვევაში.

გარდა ამისა, ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიციაც. კერძოდ, ოჯახის წევრთა ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება "ნაშვილები" და "მშვილებელი", რადგან დასახელებული პირები კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან შვილად და მშობლად, ხოლო "სიძისა" და "რძლის" ნაცვლად მიეთითება "შვილის მეუღლე". ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირიც. დაკონკრეტდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ოჯახის წევრის ცნება, რაც პროექტის თანახმად, გულისხმობს მშობელს. ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობაზე მოქმედი კანონმდებლობა სხვებთან ერთად, ყველა ამ პირს მოიცავს.

ამ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 100 ცალ ელექტრონულ სამაჯურს და 1000 სამაჯურზე გათვლილ სერვერსა და პროგრამას ფლობს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ერთი კომპლექტის ღირებულება 2820 დოლარია. ამასთან, თითო მოწყობილობის ხარჯი თვეში 10 ლარია. ყველა ეს ხარჯი 2020 წლის ჩათვლით დაფარულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მიერ, თუმცა, 2021 წლიდან ეს ხარჯი სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ტაბულას უთხრეს, რომ 100 ცალი სამაჯურის შეძენა 2017 წელს გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დამატება გახდეს საჭირო.

UN WOMEN GEORGIA-ს პროგრამის ანალიტიკოსი, ირინა ჯაფარიძე აღნიშნავს, სამაჯურების გარდა, შეძენილია სერვერები, ელექტრონული სისტემა, ასევე, გადამზადდენ 112-ის თანამშრომლები, რომლებმაც ეს სისტემა უნდა მართონ. ჯამში, პროექტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ნახევარ მილიონ ევრომდე დაიხარჯა.

​"ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება, კერძოდ, დასავლეთ ევროპის ქვეყნების და განსაკუთრებით, ესპანეთის, რადგან გარკვეულწილად, ის ახლოსაა ის ქართულ კონტექსტთან, მენტალიტეტთან და ქალთა მიმართ ძალადობა იქაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. გაირკვა, რომ ამ სისტემის დანერგვის შემდეგ მსხვერპლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევა არც ერთხელ ყოფილა", - ამბობს ის ტაბულასთან.

ირინა ჯაფარიძე განმარტავს, რომ შსს-სთან ერთად შემუშავდა რისკის შეფასების ინსტრუმენტიც, რომელიც შემაკავებელი ორდერის ნაწილია. ის ითვალისწინებს დამატებით კითხვებს მსხვერპლისთვის, რომლებიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსის თქმით, ბევრ კვლევას ეყრდნობა და შესაძლებელს ხდის რისკების მაღალი სიზუსტით შეფასებას. 

"თუ გამოვლინდა, რომ ძალადობის განმეორების რისკი მაღალია, ხდება ელექტრონული სამაჯურის გამოყენება, რათა მსხვერპლის დაცვა უკეთ იყოს უზრუნველყოფილი", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ის ამბობს, რომ საქართველოსთვის შეძენილი სისტემა ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და კარგია. ირინა ჯაფარიძის თქმით, ეს ელექტრონული ზედამხედველობა შესაძლებლობას იძლევა არც მოძალადეს და არც მსხვერპლს მოძრაობის არეალი არ შეეზღუდოთ, თუმცა, მოძალადეს მხვერპლთან მიახლოების საშუალება არ აქვს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ელექტრონულ მოწყობილობაში განსაზღვრული იქნება პირველი და მეორე რადიუსი - პირველი რადიუსის დარღვევის შემთხვევაში, როგორც მსხვერპლს, ისე მოძალადეს მიუვა შეტყობინება, რომ ერთმანეთს ერიდონ, ხოლო მეორე რადიუსის დარღვევის დროს ავტომატურად ერთვება საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ადგილზე მიდის. ამასთან, მეორე რადიუსის დარღვევა შემაკავებელი ორდერის დარღვევად ითვლება, რაც მოძალადის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას გამოიწვევს.

რადიუსი ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა, ინდივიდუალურად იწერება და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

"როცა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიდის, 80%-ზე მეტ შემთხვევაში ხდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება. თუმცა, ადმინისტრაციული სამართლით მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ხდება. ამიტომ მაღალი რისკის შემთხვევაში ელექტრონული სამაჯურით მსხვერპლის სრული უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი", - ამბობს ირინა ჯაფარიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში დამცავი ორდერის შემთხვევაშიც დადგეს ელექტრონული სამაჯურის გამოყენების საკითხი, თუმცა, გამომდინარე მცირე რაოდენობიდან, თავდაპირველად, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის დროს გამოყენება გადაწყდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის შემოღებას მხარს უჭერს და აღნიშნავს, რომ მსხვერპლის დაცვის მექანიზმები გაუმჯობესებას საჭიროებს.

ომბუდსმენის მოადგილე ტაბულასთან ამბობს, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რისკების სწორი შეფასება და განმეორებითი ძალადობის პრევენციაა. ეკა სხილაძის თქმით, საჭიროა დაკვირვება როგორ იმუშავებს ახალი ინიციატივა პრაქტიკაში და რამდენად სწორად შეაფასებს რისკებს პოლიცია.

"სამწუხაროდ, პრაქტიკაში კვლავ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება განმეორებითი ძალადობის პრევენცია და უფრო სასტიკი ძალადობის ფორმებამდე მივდივართ, როგორიც შეიძლება იყოს ფიზიკური ძალადობა ან ქალის მკვლელობა. მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენს განმეორებითი ძალადობის პრევენციას. საჭიროა, დავაკვირდეთ როგორ იმუშავებს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი. პოლიციელმა უნდა შეძლოს სწორად შეაფასოს რისკი და განსაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა საჭირო ელექტრონული სამაჯური. მას ამისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევები და შესაბამისი მომზადება სჭირდება", - ამბობს ეკა სხილაძე.

რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურების რაოდენობას, ომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, რომ რთულია წინასწარ თქმა, რამდენად საკმარისი იქნება 100 ცალი სამაჯური. ეკა სხილაძის თქმით, უნდა შეფასდეს, მცირე რაოდენობა ამ მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენებას ხელს ხომ არ შეუშლის.

"უნდა გამოიკვეთოს რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა და რამდენად უზრუნველყოფს ეს იმას, რომ ყველა მსხვერპლს, რომელსაც სჭირდება მსგავსი ტიპის დაცვის ღონისძიების გამოყენება, გარანტირებული აქვს მისით სარგებლობა", - აღნიშნავს სხილაძე.

ტაბულა დამატებითი კითხვებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მხოლოდ წერილობით გვიპასუხებენ, რადგან შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები მივლინებაში არიან და საქართველოში არ იმყოფებიან.

კითხვას, რამდენად მზადაა სამინისტრო ცვლილებებისთვის, შსს-ში პასუხობენ, რომ კანონმდებლობის ამოქმედებასთან ერთად, გათვალისწინებულია პოლიციელების გადამზადება და მათთვის შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება, რაც კანონის ეფექტიანად აღსრულებას შეუწყობს ხელს. უწყებაში მიუთითებენ, რომ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ისინი რისკების შეფასების სისტემას გამოიყენებენ, რომელზე მუშაობის პრაქტიკა პოლიციელებს უკვე აქვთ.

უწყებაში არ აზუსტებენ შესაძლებელია თუ არა, რომ სამომავლოდ, ელექტრონული სამაჯურები გამოიყენონ არამხოლოდ შემაკავებელი, არამედ დამცავი ორდერის შემთხვევაშიც. შსს-ში ამბობენ, რომ დამცავ ორდერებზე, რომელსაც სასამართლო გამოსცემს, რისკების შეფასების მექანიზმი არ არსებობს.

"შემაკავებელი ორდერი არის ოპერატიული ინსტრუმენტი და დროებითი ღონისძიება, შესაბამისად ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაც ორდერის მოქმედების ვადით იქნება შესაძლებელი ორდერის გამოცემისთანავე ან ორდერის გამოცემის შემდეგ, მისი მოქმედების პერიოდში. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობა განხორციელდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც იარსებებს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ამ საფრთხეებს პოლიციელი სწორედ რისკების შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობა არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც პოლიციელი გამოიყენებს. სათანადო საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიება, გამოყენებულ იქნეს მოძალადის დაკავების ღონისძიება და ა.შ.", - ამბობენ უწყებაში.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ელექტრონული ზედამხედველობის დეტალური წესი და პროცედურები მინისტრის ბრძანებით გაიწერება.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხზე მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა იმსჯელოს და დეკემბრის ბოლომდე კანონპროექტს, სავარაუდოდ, მიიღებენ. ჯამში, შეიცვლება ოთხი კანონი:

  • ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი

რას შეცვლის მოძალადეებზე ელექტრონული სამაჯურის გამოყენება, მხოლოდ ამის შედეგ გახდება ცნობილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ტაბულას უთხრეს, რომ შედეგების შეფასებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, ხოლო სიღრმისეულ ანალიზს, როგორ მუშაობს სისტემა, დაახლოებით ხუთ წელიწადში შეძლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში 7178 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.​ ამასთან, მიმდინარე წელს უწყებამ ოჯახში ძალადობის 3660 შემთხვევა აღრიცხა, ხოლო საქმეების 2150 (59%) გახსნა.

კომენტარები