ერაყი

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 14 ადამიანი

Reuters

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ ქარბალაში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 14 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით დაიჭრა სულ მცირე 865 ადამიანი, თუმცა ქარბალას ჯანდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ დაჭრილთა რიცხვი მხოლოდ 122-ია და მათგან 66 უშიშროების ძალების თანამშრომელია. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მომიტინგეების დაღუპვის ფაქტს უარყოფს და გავრცელებულ ვიდეოებს ყალბს უწოდებს.

სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნასირიაში აქციის დაშლისას მიღებული ჭრილობების გამო.

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. დაღუპულთა რიცხვმა 250-ს მიაღწია.

ერაყის მთავრობის მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ პროტესტის პირველ კვირაში უშიშროების ძალების მხრიდან ძალის გადამეტების გამო 149 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევების 70%-ში სიკვდილი თავისა და მკერდის არეში ცეცხლსასროლმა ჭრილობებმა გამოიწვია.

მთავრობამ უშიშროების ძალების ხელმძღვანელები დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ სროლის ბრძანება არ გაუციათ.

საპროტესტო აქციებს ბაღდადში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და დაუსაქმებელი მოქალაქეები არაინ. ისინი სამართალდამცავების გადამეტებული ძალის გამოყენებასაც აპროტესტებენ.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

კომენტარები