ტერორიზმი

ტრამპი: აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელი ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის, რომელიც აშშ-ის სპეცოპერაციისას მოკლეს, სავარაუდო შემცვლელი მოკლულია:

"ახლახანს დადასტურდა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ნომერ პირველი შემცვლელი ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. დიდი ალბათობიტ, სწორედ მას უნდა დაეკავებინა ლიდერის პოსტი, თუმცა ახლა ისიც მკვდარია!" დაწერა ტრამპმა.

მას კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სპიკერი აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი. აშშ-მა მისი სიკვდილი ოფიციალურად 28 ოქტომბერს დაადასტურა.

პენტაგონი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციისას ორი პირი დააკავეს.

განცხადების მიხედვით ისინი უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანეს. მათ შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ სპეცოპერაციისას მოკლეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 9 წევრიც.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები