ჯანდაცვა

მთავრობა ექიმებისთვის ორზე მეტ კლინიკაში მუშაობის აკრძალვას გეგმავს

Evex

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ შესაძლოა, ექიმებს აეკრძალოთ რამდენიმე კლინიკაში მუშაობა.

"ჯერჯერობით შეზღუდული არ არის ის, თუ ერთ მეანს ან ერთ ანესთეზიოლოგს რამდენ ადგილას შეუძლია იმუშაოს და მივიღეთ როგორი სურათი? - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, როდესაც საუბარი გვაქვს მეორე და მესამე დონის კლინიკებზე, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე." - ამბობს მინისტრის მოადგილე.

გაბუნიას თქმით, "სელექციური კონტრაქტირების პირობებში" ექიმები ნაკლებ დროს დახარჯავენ გადაადგილებაში და ამავრდოულად, "ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც" ექნებათ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ექიმებს შეიძლება მიეცეთ უფლება, ორ კლინიკაში იმუშავონ, მაგრამ არა მეტში.

ეს ჯანდაცვის სფეროში ერთადერთი ცვლილება არაა, რაზეც საუბარი მიდის. 28 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა რეფორმების პაკეტი, რომელიც მოიცავს კლინიკებისთვის ფასების გათანაბრების დავალდებულებასა და სამომავლოდ, მედიკამენტების ფასების რეგულირებას.

კომენტარები