წყალტუბოს პროექტი

ხაზარაძე წყალტუბოზე: ეს ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელებაა, ამის უფლებას არ მოგცემთ!

0 კომენტარი

მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში არსებული ყველა სანატორიუმისა და აბანოს გამოსყიდვის შესახებ არის "კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი" საჯარო განცხადება, ხოლო მისი ავტორი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელებაა და ივანიშვილის მმართველობა არარსებულ საინვესტიციო გარემოს ნიშნავს.

"ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სახეზეა უცხოური ინვესტიციების 54%-ით ვარდნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან გადიან უმსხვილესი უცხოელი ინვესტორები", - აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

ამასთან, ლელოს დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანა ასე არ განვითარდება, ბიძინა ივანიშვილს ამის უფლებას არ მისცემს და ის ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს.

"არცერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რადგან ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას - უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას.
ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახელმწიფო წიაღისეული , რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ამის უფლებას არ მოგცემთ! ეს უნდა დასრულდეს! ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ სახელმწიფოს მართვის სადავეებს!", - აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში", ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა სანატორიუმისა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს. 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი წერს, რომ ის წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

"კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა,"- აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები