მიხეილ სააკაშვილი: 2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი წყალტუბოში არსებული ყველა - 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვასა და მის რეაბილიტაციას გეგმავს. 

სააკაშვილი ამბობს, რომ წყალტუბოს განვითარება წლების წინ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, თუმცა მათ ეს არ დასცალდათ. 

"2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება,"- ამბობს სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. 

სააკაშვილი ყვება, რომ წყალტუბოში ერთერთი ყველაზე ძველი სანატორიუმის ადგილას ის წყალტუბოს ინტერკონტინენტალის აშენებას აპირებდა, რომელიც მისი გათვლებით, 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. ამასთან, მისივე თქმით, ისინი აპირებდნენ აეშებინათ პარკი, რომელიც ბადენბადენის ცნობილი აბანოების ზუსტ ასლს წარმოადგენდა. 

"ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა, ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკისგან იყო დაკონტრაქტებული, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები იყო, რაც უნდა გაკეთებულიყო,"- ამბობს საკაშვილი. 

მისივე თქმით, ივანიშვილმა მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო სწორედ ქუთაისის კომპლექსის გაგრძელება უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, აბასთუმანი, საირმე, ქუთაისი, ქუთაისის პარლამენტი, წყალტუბო, გვირაბი სვანეთში და გამავალი გზა, ეს ერთი დიდი კომპლექსია, რისი მთავარი აქცენტიც წყალტუბო უნდა ყოფილიყო. 

"დღეს იგივე ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, რომ პრაქტიკულად უფასოდ ჩაიგდოს ხელში ქონება, რომელიც ღირს მინიმუმ $700 000 000 დოლარი,"- ამბობს სააკაშვილი. 

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში" ის ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა - 22 სანატორიუმისა და 9 ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას და მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

კომენტარები