საპატრიარქო

მეუფე ანტონი დეკანოზზე: 2 წელია, ამბობს, "ვიტყვი", ჰოდა, თქვას, ყველამ ყველაფერი იცის

0 კომენტარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რას გულისხმობს დეკანოზი გიორგი მამალაძე, როდესაც წერს, რომ "ყველაფერს იტყვის". 

მეუფე ანტონის თქმით, "ყველამ ყველაფერი იცის" და დეკანოზი მამალაძე თითქოს ელოდება, პირველი ვინ იტყვის. 

"თუ რაიმეს თქმა უნდა და რაიმე იცის, თქვას, გამოვიდეს. დაგვძაბა, ხო? 2 წელია ამბობს, ვიტყვი, ვიტყვი, ვიტყვი. ჰოდა, თუ სათქმელი აქვს, თქვას. საპატრიარქოც ეუბნება, რომ თქვი ბატონო,"- ამბობს მეუფე ანტონი ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". 

27 ოქტომბერს ტვ პირველმა გაავრცელა დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, რომელიც არხის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ, მის სახელზე მიიღო. ტელეკომპანია დეკანოზის თხოვნით წერილის მხოლოდ მცირე ნაწილს ასაჯაროებს, სადაც დეკანოზი წერს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, ყველაფერს ფარდა ახადოს. 

"ეს ერთი მხრივ იქნება ეკლესიის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მართალი ეს მძიმე იქნება, ბევრისთვის წარმოუდგენელი, თუმცა უმწარესი სიმართლე," -წერს დეკანოზი თავის წერილში. 

ერთი თვით ადრე, 29 სექტემბერს დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, მედიასთან თქვა, რომ თუკი მის ძმას არ შეიწყალებენ, დეკანოზის ხელთ არსებულ ინფორმაციას გაასაჯაროებს. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები