ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტმა 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. მომხრე 438 იყო, წინააღმდეგი მხოლოდ 20.

მანამდე პარლამენტმა 315 ხმით 295-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის შემოთავაზებას არჩევნების 9 დეკემბერს ჩატარების თაობაზე.

კანონს, რომლითაც ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ძალაში შესვლამდე მხარი მიმდინარე კვირის ბოლომდე ლორდთა პალატამაც უნდა დაუჭიროს.

მისი დამტკიცების შემთხვევაში პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიისათვის 5 კვირა ექნებათ.

ბორის ჯონსონს იმედი აქვს, რომ კონსერვატიული პარტია საკმარის ხმებს მოიპოვებს იმისათვის, რომ ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსითის გეგმის დასამტკიცებლად ოპონენტების მხარდაჭერა აღარ დასჭირდეს.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პარტიიდან გარიცხული პარლამენტარების უმეტესობას შანსი ექნება არჩევნებში კვლავ პარტიის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ.

1923 წლის შემდეგ ეს ბრიტანეთში დეკემბერში არჩევნების ჩატარების პირველი შემთხვევა იქნება. 

ვადამდელი არჩევნების გეგმის კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ჯონსონმა ოფიციალურად მიიღო ევროკავშირისაგან ბრექსითის ბოლო ვადის 31 იანვამდე მოქნილი პირობებით გადაწევის შეთავაზება. ევროკავშირისადმი მიწერილ წერილში ჯონსონი წერს, რომ 3-თვიანი გადავადება, რომელიც მას პარლამენტმა აიძულა, არასასურველი იყო.

გადავადების მოქნილი პირობები დიდ ბრიტანეთს საშუალებას უტოვებს ევროკავშირი ბრექსითის ბოლო ვადამდე დატოვოს, თუ ბრექსითის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირს შეთანხმების გარეშე არ დატოვებს, თუ პარლამენტი მის დამტკიცებას ვერ მოახერხებს.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს გადავადება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ეს მაინც ეთხოვა, რადგან პარლამენტმა მისი გეგმის დაჩქარებულ ვადაში განხილვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ჯონსონი დაიმუქრა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა.

კომენტარები