შალვა თადუმაძის დიპლომი

თადუმაძის თქმით, არქივიდან ამოიღო დოკუმენტაცია, რაც მისი დიპლომის ნამდვილობას ადასტურებს

საქართველოს მთავარი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ამბობს, რომ მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც მისი დიპლომის ნამდვილობას ადასტურებს.

"ჩემმა წარმომადგენელმა, სხვებთან ერთად, მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ მე აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე კომენტარს მეტს არ გავაკეთებ", - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

​ტაბულამ შესაბამისი დოკუმენტებისთვის პროკურატურას მიმართა, ასევე, ცდილობს დაკავშირებას განათლების ხარისხის ცენტრთან. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში უწერია, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

კომენტარები