შეწყალების საქმე

ევროპული საქართველო შეწყალების საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს გამოცემულ შეწყალების აქტების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიამ დადგენილების შესაბამისი პროექტი უკვე დაარეგისტრირა. 

პარტიის წევრი ოთო კახიძე ამბობს, რომ გენერალურ პროკურატურას დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ამ საქმის გამოსაძიებლად და არ მიუწოდებიას არანაირი შუალედური ინფორმაცია გამოძიების შესახებ საზოგადოებისთვის და პარლამენტისთვის. ასევე დღემდე არ არის გამოკითხული უშუალოდ შეწყალების აქტზე ხელმომწერი პირი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ვინაიდან არ ხორციელდება ადეკვატური საგამოძიებო ქმედებები დ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, ამიტომ ევროპული საქართველი არეგისტრირებს პარლამენტის დადგენილების პროექტს. საგამძიებო კომისია დაადგენს ყველა გარემოებას რაც წინ უძღოდა შეწყალების ფაქტებს. იყო თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შეწყალებულ პირებს შორის, იყო თუ არა კორუფციული სქემა ამ შეწყალებების უკან და რა კრიტერიუმებით და როგორ შდეარჩია პრეზიდენტმა ეს პირები,"- ამბობს კახიძე. 

ევროპული საქართველოს მოუწოდებს ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხიმგებლობის გაზიარება ამ შეწყალებებზე, თუმცა ისედაც უწევთ ამ პასუხიმგებლობის ზიდვა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მათ მიერ იყო მხარდაჭერილი,"- ამბობს კახიძე. 

მთავარმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა მათ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით, 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირია.

4 ოქტომბერს, რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც შეიწყალა. 

კომენტარები