სქესობრივი დანაშაული

2019 წელს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში 114 ადამიანი ამხილეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.

უწყებაში ამბობენ, რომ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულია 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი.

უწყების ინფორმაციით, 2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

შსს-ში ამბობენ, რომ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

  • ოჯახის წევრი/მშობელი - 53%
  • დაზარალებული ბავშვი - 8%
  • სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%
  • მანდატურის სამსახური - 6%
  • სკოლა - 4%
  • მეზობელი - 3%
  • ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%
  • არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%
  • სხვა - 18%

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავენ. მათ შორის, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.

"მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ნახეთ ტაბულას სტატია სექსუალური ძალადობის შესახებ, მათ შორის, ძალადობა არასრულწლოვნების წინააღმდეგ - "3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნები

კომენტარები