სირია

ჟენევაში, რუსეთის მხარდაჭერით, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართება

ჯავად ზარიფი, სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ
AFP

ჟენევაში გაეროს ეგიდით და რუსეთის მხარდაჭერით სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე 8.5-წლიანი სამოქალაქო ომის დასასრულებლად პოლიტიკური შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ. შეხვედრის მიზანს სირიის ახალი კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენს, თუმცა უცნობია რას გულისხმობს ეს პროცესი - არსებული, 2012 წლის კონსტიტუციის გადახედვას, თუ სრულიად ახალი დოკუმენტის შექმნას.

შეხვედრას სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გეირ პედერსენი უხელმძღვანელებს.

მას რუსეთის, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან, მიუხედავად იმისა, რომ პედერსენმა ქვეყნებს მოუწოდა არ ჩაერიონ სირიის შიდა საქმეებში და მოლაპარაკებები სირიულ მხარეებს მიანდონ.

ამ დრომდე ჟენევაში მსგავსი მოლაპარაკებების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, რადგან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმი მონაწილეობაზე უარს ამბობდა. ამჯერად მოლაპარაკებებს რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს და მის ორგანიზებაშიც მონაწილეობს.

კომიტეტში ასადის მხარდამჭერი 50 დელეგატი იქნება. ასევე 50 დელეგატი წარმოადგენს სირიის ოპოზიციას, რომელიც სულ მცირე 5 სხვადასხვა ოპოზიციურ პლატფორმას მოიცავს და კიდევ 50 სამოქალაქო წარმომადგენელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტში 7 ქურთი დელეგატიც იქნება, სირიის დემოკრატიული ძალები მოლაპარაკებებში არ ჩართეს. რეზოლუციის მისაღებად კომიტეტს კონსენსუსის მიღწევა ან ხმათა 75%-ის მიღება დასჭირდება, შესაბამისად, მოსალოდნელი არ არის, რომ უახლოეს დროში სირიის კონფლიქტის ეფექტური გადაჭრის გზა გამოინახოს.

კომენტარები