სახელმწიფო ინსპექტორი

1-ლი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულება ამოქმედდება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

1-ლი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულება ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულები და გადაცდომები ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული. 

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაა

მისი თქმით, სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რათა გამოძიებულ საქმეებზე დამატებითი კითხვის ნიშნები არ ჩნდებოდეს. 

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გახლავთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, ეს სამსახური არ შედის არცერთი სახელმწიფო უწყების შემადგენლობაში და ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის არის ის, რომ გამოძიება, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა და ჩვენ გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენს მიერ გამოძიებულ საქმეზე არ ჩნდებოდეს დამატებითი კითხვის ნიშნები,“ - თქვა ლონდა თოლორაიამ პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გაიმართა. 

"ყველა ის საგამოძიებო ფუნქცია, რომლითაც აღჭურვილია ეს ახალი სამსახური, იქნება ყველაზე დიდი არგუმენტი სამართალდამცავი სისტემის ნდობის, მოქალაქეების მხრიდან მათ მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით. 1-ლი ნოემბრიდან ეს სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი და რამდენად არ ეშინიათ სამართალდამცავ ორგანოებს, პირდაპირ და ღიად წარმოაჩინონ ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც დღეს ხდება პოლიციაში, პროკურატურაში, ყველა იმ უწყებაში, რომელიც იქნება ამ ორგანოს ძირითადი პარტნიორი", - თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შეიქმნა. კანონით, ის არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებს გამოიძიებს. უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან არის გაერთიანებული.

სახელმწიფო ინსპექტორის ​საგამოძიებო მიმართულების შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიესალმებიან, თუმცა, მათი აზრით, მთავარი წინ არის - სამსახურმა უნდა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა. 

"სამსახურის შექმნა რამდენიმე წლით დაგვიანებულია, ჩვენ, სამოქალქო საზოგადოება წლებია ვითხოვთ ეფექტიანი მექანიზმის შექმნას, რათა გამოძიებული იყოს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულები. პოზიტიური არის რომ საბოლოოდ ეს სამსახური შეიქმნა. თუმცა ჯერ მთავარი წინ და არის და მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა მოიპოვოს", - თქვა ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ. 

დამოუკიდებელი საგამოძიები მექანიზმის შექმნას როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, რადგან, მათი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებზე პროკურატურის რეაგირება არაეფექტურია - ომბუდსმენის აპარატმა 2013 წლიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით უწყებას ამ ტიპის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით 72-ჯერ მიმართა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა არც ერთი მათგანი დევნით არ დასრულებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები