ბლოგი

რა ზრდის ოპოზიციისთვის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანის შანსს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით კი, მოსახლეობის 57% კვლავ გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. 

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მობილიზების შანსს ყველაზე მეტად პარტიებს შორის პოლიტიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა ზრდის. ამით სხვადასხვა გემოვნებისა და შეხედულების ამომრჩეველს საშუალება ეძლევა, არჩევანი იმ პარტიაზე გააკეთოს, რომლის ხედვებიც მის პოლიტიკურ გემოვნებასთან თუ საჭიროებებთან ყველაზე ახლოს დგას. 

პოლიტიკური მეცნიერები, ლუის ორიოლსი და ალვარო მარტინესი ესპანეთის არჩევნებზე დაკვირვებით, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს 30 წლის მონაცემების საფუძველზე იკვლევდნენ. შედეგად, მათ ის ორი მიზეზი გამოყვეს, რის გამოც ამომრჩეველი, შეიძლება, გადაუწყვეტელი იყოს: პირველი ოპოზიციურ პარტიებს შორის კონკურენციისა და მრავალფეროვნების ნაკლებობაა, ხოლო მეორე - სახელისუფლებო პარტიის იმიჯის დაკნინება. ამაში ის იგულისხმება, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებმაც ოდესღაც სახელისუფლებო პარტიას მისცეს ხმა, თუმცა იმედგაცრუების გამო გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიგებში გადაინაცვლეს.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების საკითხის კვლევა დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში პოპულარულია. საკითხით დაინტერესებული პოლიტიკის მეცნიერები თვისებრივი მახასიათებლების მიხედვით გამოყოფენ ხოლმე გადაუწყვეტელი ამორჩევლების რამდენიმე კატეგორიას. მათ შორის არიან - დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, პოლიტიკურად ინდიფერენტულები, უმაღლესი განათლების არმქონეები და ახალგაზრდები. აქ გამოიყოფა ორი ძირითადი კატეგორია: სუსტი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უფრო მეტად სუსტი პარტიული იდენტიფიკაციის მქონე პირები.

ამ მხრივ საინტერესოა მენდელსონისა და ო’კიფის მიგნება, რომლებიც 1972 და 1974 წლებში ოჰაიოს შტატის არჩევნებს აკვირდებოდნენ. დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ჯგუფში მყოფი ინდივიდები იცვლებოდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლობა არა იმდენად პერსონალური მახასიათებლებითაა გამოწვეული, რამდენადაც პოლიტიკური კონტექსტით, განსაკუთრებით კი ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტორით - პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაკლებობითა და სახელისუფლებო პარტიის პოპულარობის კლებით.

საინტერესოა ასევე საქართველოს ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებზე გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობაზე დაკვირვებაც. NDI-ის მიერ 2012 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა 22%-ს შეადგენდა. ეს მონაცემები უცვლელი იყო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, სექტემბერში გამოქვეყნებულ კვლევაშიც. ეს გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ერთერთი ყველაზე მცირე რაოდენობაა, რომელიც კვლევით ორგანიზაციებს აღურიცხავთ. სახელისუფლებო გუნდმა ეს არჩევნები წააგო. 

2016 წლის ივლისში გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის მიხედვით კი, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 57% შეადგენდა - ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო. 

საინტერესოა, თუ რა ფაქტორები განაპირობებს გადაუწყვეტელ ამომრჩევლად იდენტიფიკაციას. პოლიტიკური მეცნიერები თანხმდებიან, რომ როდესაც პოლიტიკური პრეფერენციის გამოხატვის დანახარჯი მაღალია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობაც იზრდება. ასეთი მაღალი დანახარჯის მაგალითია სწორედ არაპოპულარული სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა მიერ მხარდაჭერის გამოხატვა. ამ დანახარჯების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელობის მიზეზების გამოსაკვლევად, თუმცა ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიებს უმეტესად არ აქვთ პირდაპირი შესაძლებლობა ამ მიზეზების ცოდნა საკუთარი მხარდაჭერის გასაზრდელად გამოიყენონ.  

პოლიტიკური მეცნიერების ამ მიგნებებიდან, შესაძლოა, რამდენიმე ზოგადი მოსაზრება განვავითაროთ. თუკი ოპოზიციურ პარტიებს მართლაც სურთ 2020 წლისთვის ქართული ოცნების დამარცხება, უპირველეს ყოვლისა, ისინი საარჩევნო დისკურსში პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და გამმიჯნავი ხაზების შემოტანას უნდა ეცადნონ. ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა განასხვავებს ერთმანეთისგან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, ევროპულ საქართველოსა და გირჩს, გირჩსა და რესპუბლიკურ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიასა და ლელოს და ყველაზე მთავარი, რა განასხვავებს ყველა ამ პარტიას მმართველი გუნდისგან.

პარტიების ლიდერებმა არჩევნებამდე დარჩენილი დრო თავიდან ბოლომდე უნდა მიუძღვნან ამომრჩევლებისათვის იმის ახსნას, თუ რას სთავაზობენ ამომრჩეველს განსხვავებულს, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი მას და არა - სხვას.

ცხადია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის გადაკვეთა აუცილებლად იარსებებს, თუნდაც საგარეო კურსის ნაწილში, თუმცა ახალი პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით კი ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებული პოლიტიკური მრავალფეროვნების მაქსიმალურად წარმოჩენას უწყობს ხელს, რადგან ამ სისტემაში პარტიებისთვის სწორება საშუალო ამომრჩეველსა და შუალედურ პოზიციებზე შედეგის მომტანი არაა. 

მიუხედავად იმისა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების სიმრავლე სწორედ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ეფექტიანობის ნაკლებობაზე მიანიშნებს, ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ამომრჩევლები ავტომატურად პოტენციურ მხარდამჭერთა ბაზად არ გარდაიქმნებიან. ოპოზიციისთვის ამ კატეგორიის ამომრჩევლების მიმხრობა ყველა სხვა კატეგორიის ამომრჩევლის გადაბირებაზე არანაკლებ რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ გადაუწყვეტელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოდესღაც სწორედ სახელისუფლებო გუნდს უჭერდა დეკლარირებულად მხარს. ასევე, შეიძლება, მათ წინასაარჩევნო კვლევაში ხელისუფლების მხარდაჭერა არ გაამხილონ, თუმცა, არჩევნებზე მაინც მათ მისცენ ხმა.

ხელისუფლებისთვის გადაუწყვეტელი ამომრჩევლების სიმრავლე განგაშის ზარის შემოკვრის საფუძველს არ წარმოადგენს მანამ, სანამ არ გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ალტერნატივები, რომლებიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის რეალურ "საფრთხეს" შექმნიან, რადგან ხელისუფლებაში იციან, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ამგვარი მრავალფეროვნების არარსებობის შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება შეძლონ, მაინც მაღალია. უარეს შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ისიც მისაღებია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სახლში დარჩეს. 

შესაბამისად, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ და ამომრჩევლებს არსებით პოლიტიკურ მრავალფეროვნებას შესთავაზებენ, ქართული ოცნებაც იძულებული იქნება გადაუწყვეტელ ამომრჩეველში მობილიზაციის მეტ ძალისხმევას მიმართოს. 

ქართველი გადაუწყვეტელი ამომრჩეველის სატკივარი ჩვეულებრივ გამოიხატება ფრაზაში: “ესენი [ხელისუფლება] არ ვარგა, მაგრამ ვინაა უკეთესი?” ხარისხიანი ალტერნატივების შეთავაზება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხელისუფლებისკენ გადახრილ ნაწილს ამ რიტორიკულ კითხვისგან მაშინვე ვერ განაიარაღებს. თუმცა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილი მაინც ღიაა ხარისხიანი ალტერნატივის გასაზიარებლად. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი კლებულობს, როდესაც როგორც ხელისუფლებაში მყოფი ისე ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა უმეტესობას აძლევენ საკმარის საფუძველს და “უმცირებენ დანახარჯებს” საკუთარი პრეფერენციების ღიად გამოხატვისთვის.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

კომენტარები