უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მღვდელმთავრები, რომლებმაც საჯაროდ დაუჭირეს მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

0 კომენტარი
ფოტო: patriarchate.ge

საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, მღვდელმთავრები განიხილავენ თუ არა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, თუმცა, საკითხი მწვავედ დგას. აქამდე, საქართველოს საპატრიარქო ამბობდა, რომ ტომოსს კითხულობდა.

გთავაზობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 46 მღვდელმთავრიდან იმ რამდენიმე მღვდელმთავრის პირად მოსაზრებას, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას (განცხადებები გაკეთებულია სხვადასხვა დროს, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე).

ზენონი - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

"...რატომ უნდა იყოს კიევის ეკლესიის ავტოკეფალურობა ტრაგედიის მიზეზი კეთილსინდისიერი და სამართლიანობისკენ მოწოდებული ღვთისმსახურისთვის, ეკლესიის ადმინისტრაციისთვის, მორწმუნე ერისთვის. ქვეყანას სურს, რომ თავისი თავის ბატონ-პატრონი იყოს, სხვისას არ იტაცებს და სურს, რომ თავისი ქვეყნის მაკურთხეველი პირველიერარქი, თვთმყოფადი ეკლესიიდან ჰყავდეს...".

პეტრე - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი

"...ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესულურად ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება..."

გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

"...საეკლესიო სამართლის პრინციპის თანახმად, დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლება აქვს ჰქონდეს დამოუკიდებელი ანუ ავტოკეფალური ეკლესია. ეს უფლება ეხება უკრაინასაც. უკრაინელი ხალხის სურვილი, რომ ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, სავსებით ლეგიტიმურად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ მას აქვს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო (კონკრეტულ პოლიტიკურ საზღვრებში მოქცეული), სადაც ცხოვრობს მილიონობით მართლმადიდებელ ქრისტიანი..."

ვახტანგი - ცურტაველი მიტროპოლიტი (ტიტულარული)

"...პირადად ჩემი პოზიცია არის, რომ ეს არის დიდი სახელმწიფო, უკრაინა არის 50 მილიონი მოსახლეობით და თუ ეს მათი კეთილი ნებაა, მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ღირსები არიან. ვიმსჯელებთ, ახლა წინასწარ როგორ გითხრათ, რომ ან დადებითი წარმოჩინება მივცეთ ამ ამ საქმეს ან უარყოფითი..."

დოსითეოზი - ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი

"...მართლმადიდებლობაში და საკუთრივ უკრაინაში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს. ერს სურს მართლმადიდებლური თვითიდენტობა დაიმკვიდროს. ძნელია უკრაინელებისთვის, ჩვენთვისაც ქართველებისთვის, როცა ერთი ხელით კალაშნიკოვის ჯერით გხოცავდეს ვიმე, დამპყრობლად გევლინებოდეს და მეორე ხელით მშვიდობისა და სიყვარულის ქრისტეს ჯვარს გიწოდებდეს. უფრო რთული ის არის, ამბიონზე საზეიმოდ ამაღლებულს უსმინო როგორ უყვარხარ და მისი ღვთისმოსაობის იწამო..."

საბა - ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი

"...ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას და მათი დიდ სიხარულის თანამონაწილობას..."

მელქისედეკი - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

"...კონსტანტინოპოლის მოქმედებები უკრაინის ეკლესიაში არ არღვევს რაიმე კანონიკურ წყობას, რომელიც საუკუნეებია მოქმედებს ეკლესიაში..."

იოსები - შემოქმედელი მიტროპოლიტი

"...მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია გახდეს, რამეთუ იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერბს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს..."

ანტონი - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

კითხვაზე, პირადად დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას - "გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს".

გასული წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს. მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს. ის კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე 3 თებერვალს აღსაყდრდა.

კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა. ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის ეკლესიაა პირველია, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა. 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სამართლმადიდებლოში განხეთქილება მოჰყვა - მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. ამ დრომდე უცნობია, გაწყვეტს თუ არა ევქარისტიულ კავშირს მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აქამდე არ უღიარებია საქართველოს საპატრიარქოს. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მიღება ჯერაც არ მიულოცავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები