სინოდის სხდომა

მეუფე საბა: მეუფე იაკობმა ითხოვა შენდობა და მიეცა გაფრთხილება, ეპარქიის მმართველად რჩება

ტაბულა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ამბობს, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა და პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა თავისი განცხადებები გამო სინოდის წინაშე შენდობა ითხოვა.

მეუფე საბას ინფორმაციით, იაკობ იაკობიშვილი ეპარქიის მმართველად რჩება.

"მეუფე იაკობმა ითხოვა შენდობა წმიდა სინოდის წინაშე და მიეცა გარკვეული გაფრთხილება, რომელსაც სინოდის ოქმში ნახავთ", - თქვა სინოდის სხდომის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა.

უცნობია, როდის გამოქვეყნდება სინოდის სხდომის ოქმი. ძირითადად, ეს სხდომიდან რამდენიმე საათში ხდება.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. 

გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა. 

საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს. შალვა თადუმაძე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებაში დროის და მოვლენების ერთმანეთში აღრევაა და ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს.

კომენტარები