წმიდა სინოდი

ბობოხიძე: საზოგადოებამ უნდა ანახოს მტერს, რომ ე.წ ჰომოსექსუალური თემით ვერავინ იმანიპულირებს

ევროპული საქართველოს წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, რაც უფრო მალე მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ ყველა თემაზე უნდა ისაუბროს, მით უფრო უკეთესია. ბობოხიძემ TV პირველის ეთერში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ბრალდებებზე ისაუბრა - კერძოდ, ყოფილმა მღვდელმთავარმა თქვა, რომ პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა და ამის გამო განაყენეს.

"მე რამდენიმე დღის წინაც ვთქვი, რომ მამალაძის წერილიდან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდებოდი. არ ველოდებოდი იმას, რის შესახებაც საზოგადოება ინფორმირებული არ არის და რომლის შესახებაც ლაპარაკი არ მიდის... უკვე პანდორას ყუთი გაიხსნა და ამ თემებზე ლაპარაკი დავიწყეთ. ეს არ არის ქვეყნისთვის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ არც ტრაგიკული ტონით ვიტყოდი, რომ ქვეყანა იღუპება. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ქართული საზოგადოება გამარჯვებული და კიდევ უფრო გაჯანსაღებული გამოვა ამ მდგომარეობიდან" - ამბობს ბობოხიძე და მიიჩნევს, რომ პრობლემა არა მხოლოდ სამღვდელოებასა და ხელისუფლებაში, არამედ, საზოგადოებაშია.

"პრობლემა არის ზოგადად მთლიანად ჩვენში, თითოეულ ქართველში, თითოეულ მოქალაქეში. რაც უფრო მალე მივხვდებით, რომ არ არსებობს თემები, რომელზე ლაპარაკიც არ შეიძლება, მით უფრო უკეთესია.

თუნდაც ჰომოსექსუალიზმი არის თემა, რომლითაც მანიპულირებს რუსული სახელმწიფო, რომელიც აშანტაჟებს ქართველ პოლიტიკოსებს, მღვდელმთავრებს, საზოგადო მოღვაწეების ნაწილს და თავიანთი პოლიტიკის მართვას და გატარებას იწყებენ. ეს თემები რაც უფრო ღია გახდება, რაც უფრო შეიცვლება ქართველის დამოკიდებულება, რომ " უიმე, დედა, ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება"... ამაზე სალაპარაკოდ ნელნელა უნდა გაიხსნას ქართული საზოგადოება, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაანახოს მტერს, რომ ე.წ ჰომოსექსუალური თემებით ვერავინ ვერ იმანიპულირებს ჩვენზე. რატომ ხდებავინმეს დაშანტაჟება და თავიანთი მიზნებისთვის გამოყენება? იმიტომ, რომ საზოგადოება იღებს ამას ძალიან მტკივნეულად" - ამბობს ბობოხიძე.

ევროპული საქართველოს წევრის შეფასებით, ეს თემები ღია თუნდაც სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობიდან უნდა გახდეს.

"იმიტომ, რომ ნებისმიერი ჰომოსექსუალი, იქნება ეს საერო თუ სამღვდელო მოღვაწე, წარმატებით დაგვიმალავს ადამიანებს, იმიტომ, რომ ჩვენშია მოთხოვნა - არ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ვერ დაუმალავს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს. ასეთ შემთხვევაში ისინი მოწყვლადი ხდებიან უცხოური სპეცსამსახურების ხელში, ხოლო მათი მეშვეობით ხდება ზემოქმედება ჩვენზე.

როგორ ფიქრობთ, რატომ საუბრობს პირდაპირ მღვდელმთავარზე? იმიტომ, რომ ფიქრობს, ეს იქნებოდა ბომბის ეფექტის მქონე. ამიტომ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება გარანტირებული თუ ბომბის ეფექტი არ ექნება არანაირ განცხადებას. როცა საუბარია ჰომოსექსუალიზმზე, ნაკლებად მაინტერესებს რომელიმე ადამიანის, მათ შორის, მღვდელმთავრის პირადი ცხოვრება, უბრალოდ, ბოროტად არ უნდა იყოს გამოყენებული ესა თუ ის თემას.

მე მიმაჩნია, რომ ზოგ რაინდს, ზოგ მღვდელმთავარს, ტაბურეტკებით ხელში რომ ვიხილეთ, სინამდვილეში სწორედ ამ თემებით მართავს ის სპეცსამსახურები, რომლებიც ცუდად ერევიან ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შიდა სამზარეულოში" - თქვა ბობოხიძემ.

კომენტარები