სინოდის სხდომა

მეუფე საბას თქმით, უცნობია მამალაძე ნამდვილად ავადაა თუ არა, მაგრამ პრეზიდენტს მიმართეს

ტაბულა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების საბოლოო დასკვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერ არ არის, სინოდმა გაითვალისწინა ოჯახის მოთხოვნა და შეწყალებაზე პრეზიდენტს მიმართა.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და მით უმეტეს იმისა, რომ ექიმებს დასკვნით არ არის ჯერ კიდევ საბოლოო, ის ნამდვილად არის თუ არა ავად, რადგანაც, ბოლო დასკვნაში არის ასეთი სიტყვა, რომ სიმულიაციაა მისგან, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ოჯახის მოთხოვნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვთხოვოთ, პრეზიდენტთან უშუამდგომლოს, რომ შეიწყალონ დეკანოზი მამალაძე" - თქვა მეუფე საბამ სინოდის სხდომის შემდეგ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ პრეზიდენტთან შუამდგომლობაზე პირველი განცხადება მეუფე პეტრემ გააკეთა, რომელმაც ასევე თქვა, რომ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში "პიდარასტული ცოდვის მხილების გამო" განაყენეს და დასძინა, რომ ამხილა სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, უცნობია. გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები