სირია

SDF: აშშ-ის ჯავშანმანქანებმა სირია-თურქეთის საზღვართან პატრულირება ჩაატარეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მიერ გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ის ჯავშანმანქანებმა ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან პატრულირება ჩაატარეს. ეს ტერიტორიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ პირველი მსგავსი შემთხვაა, თუმცა სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთჯერადი არ იქნება და ამერიკელები ამ ტერიტორიაზე პატრულირებას კვლავ ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ სირიიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქვეყანაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ნაწილი კვლავ დარჩება. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა დაადასტურა. მან თქვა, რომ აშშ სირიაში ნავთობის საბადოების ე.წ. ისლამური სახელმწიფოსაგან დასაცავად ჯავშანტექნიკას და ჯარისკაცებს გაგზავნის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. მათი ნაწილი მოკავშირეებთან ერთად ნავთობის საბადოებს დაიცავს, ნაწილი კი ისრაელისა და იორდანიის საზღვართან ახლოს განლაგდება.

რუსეთს სურს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნავთობის საბადოებზე კონტროლი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა დაამყაროს.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აშშ-ის ძალებმა, რომელთა ქვეყანაში ყოფნა, მისი თქმით, არალეგიტიმურია, სირია უნდა დატოვონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს სირიაში ყოფნისათვის საერთაშორისო თუ აშშ-ის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატი არ აქვს და მათი დარჩენა რეგიონში არა უსაფრთხოების დაცვას, არამედ ნავთობის კონტრაბანდისტების დაცვას იმსახურება, რომლებიც თვეში 30 მილიონ აშშ დოლარს შოულობენ.

9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტად სათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ერდოღანსა და პუტინს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე თურქეთის ძალებთან ერთად რუსეთის ძალები და სირიელი მესაზღვრეები განთავსდებიან. რუსეთი და თურქეთი ტერიტორიაზე ერთობლივ პატრულირებას იწყებენ. რუსეთმა უკვე გაგზავნა სირიაში დამატებითი სამხედრო ძალა და შეიარაღება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები